Thumbnail

'ბიჭი ფეხბურთით ცხოვრობს, მას ვერ ვაჩერებთ' - მიქაუტაძე სტანდარდთან ბრუნდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელგიურმა LE SOIR-მა სტატია მიუძღვნა პროქსიმუს ლიგის გათამაშების ბომბარდირ ჟორჟ მიქაუტაძეს, რომელსაც, როგორც იქნა, დაუსრულდა დისკვალიფიკაცია და 3 თებერვალს ბელგიის თასის 1/16 ფინალში ლიეჟის სტანდარდის წინააღმდეგ ითამაშებს. 

"მიქაუტაძე - სერენის მომაკვდინებელი იარაღი სტანდარდის წინააღმდეგ", - ასეთი სათაური აქვს LE SOIR-ის სტატიას. ბელგიის რანგით მე-2 დივიზიონის სერენის ფორვარდს, რომელმაც 14 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ერთი სული აქვს, როდის გავა მოედანზე. "ვერ ვითმენ, როდის შევძლებ თამაშს", - აღნიშნა მიქაუტაძემ ბრიუგესთან მატჩის შემდეგ, რომელიც მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 

მარკ გროსჟანი (სერენის მწვრთნელის ასისტენტი): "ის ვარჯიშებზე დაუოკებელია, ძალიან მონდომებულია და ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ეს ბიჭი მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს და მისი მის გარეშე დატოვება უდიდესი დარტყმაა".

გაუტანს მიქაუტაძე ბელგიურ გრანდს? voetbalnieuws.be წერს, რომ ბელგიაში ჟორჟის გოლზე 2.95 ფსონს ჩამოდიან. დისკვალიფიკაციის გამო, მას 13 დეკემბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული მეციდან იჯარით მოთამაშე ჟორჟ მიქაუტაძე 14 მატჩში 16 გოლით პროქსიმუს ლიგის ბომბარდირია. მან მოლენბეეკთან მატჩში მეტოქის ჩაწიხლისთვის მკაცრი სასჯელი მიიღო - 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია. სხვათა შორის, ჟორჟმა იანვარშიც შეძლო გოლის გატანა - ლოკერენთან ამხანაგურ მატჩში.  

კომენტარები

ბოლო ამბები