Thumbnail

დინამო ბათუმის მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა 15 ივლისს, ფოთის კოლხეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა. ლევანმა წვივი მოიტეხა და იოგები დაიზიანა. გეგეჭკორმა ოპერაცია თურქეთში ჩაიტარა და გუნდს ახლახან, 6-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. პოპსპორტი აჭარული გუნდის განაპირა მცველს დაუკავშირდა. ლევანმა სარეაბილიტაციო პროცესზე, მის მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

POPSPORT: გასული წლის ზაფხულში მძიმე ტრავმა მიიღე, როგორ მიდიოდა სარეაბილიტაციო პროცესი?

ლევან გეგეჭკორი: მართლაც ძალიან მძიმე დაზიანება მივიღე. სარეაბილიტაციო პროცესი კარგად წარიმართა. კლუბი ბოლომდე გვერდში დამიდგა და თავი მარტო არასდროს არ მიგრძვნია. ოპერაცია თურქეთში გავიკეთე და გარკვეული დროის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესიც იქ გავიარე. მთავარი მწვრთნელისა და გუნდის გვერდში დგომამ დიდი სტიმული მომცა.    

POPSPORT: ახლა რამდენად მზად ხარ სრული დატვირთვით თამაშისთვის?

გეგეჭკორი: ტრავმის მიღების შემდეგ 6 თვე გავიდა და გუშინ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე დაახლოებით ნახევარი საათი გავატარე. რა თქმა უნდა, ბოლომდე მზად არ ვარ, რადგან სასურველ ფორმასა და კონდიციებში არ ვიმყოფები. წინაპირობა არის, რომ რაც შეიძლება, მალე აღვიდგინო ფორმა. ტრავმის შემდეგ უფრო მოტივირებული ვარ და უფრო დიდი შემართება მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს. გულშემატკივრებისგან ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის და ეს ძალიან სასიამოვნოა.

ნახეთ ვინ დაბრუნდა! 💥🌊 📸 რეპორტაჟი ვარჯიშიდან: bit.ly/FCDB_2021

Posted by FC Dinamo Batumi on Sunday, January 24, 2021

POPSPORT: იძულებითი პაუზის დროს რა გენატრებოდა ყველაზე მეტად?

გეგეჭკორი: რეაბილიტაციის დროს ბურთთან შეხება და ვარჯიშები არ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ბურთი და მოედანი მენატრებოდა და მაკლდა.   

POPSPORT: დინამო ბათუმს ახალი სტადიონი აქვს. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს ალბათ მოუთმენლად ელოდები...

გეგეჭკორი: დინამო ბათუმის ახალი სტადიონი ძალიან ლამაზია. გუნდმა ახალ არენაზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა, მე კი ტრავმირებული ვიყავი და იქ ჯერ არ მითამაშია. ვფიქრობ, ახალ სტადიონზე გულშემატკივრების გარეშეც ძალიან სასიამოვნო იქნება თამაში, მათი თანდასწრებით კი ძალიან ლამაზი და კარგი გარემო შეიქმნება. დინამო ბათუმის გულშემატკივრები ცნობილები არიან, როგორც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მხარდამჭერები და მათ წინაშე სათამაშოდ ორმაგი მოტივაციითა და სტიმულით გავალ. ამ დღის დადგომას მოუთმელად ველოდები.   

POPSPORT: დინამო ბათუმი ახალ ევროტურნირზე - კონფერენსლიგაზე იასპარეზებს. შენი აზრით, რამდენად შეუძლია გუნდს ახალი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა?

გეგეჭკორი: გვაქვს შანსი, რომ ახალი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ. მთავარი ამ შანსის გამოყენება და სიტუაციის განაალიზებაა. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავიღებთ თითოეულ თამაშში, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.    

POPSPORT: რა იქნება ახალ სეზონში დინამო ბათუმის მთავარი მიზანი?

გეგეჭკორი: გუნდი შარშანდელ სეზონთან შედარებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენი მიზანი არ იცვლება და კვლავ საქართველოს ჩემპიონობაა. სამწუხაროდ, გარკვეული ფაქტორების გამო ისე მოხდა, რომ შარშან სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, თუმცა წელს ვეცდებით, ჩემპიონობა მოვიპოვოთ. 

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა ახალი სეზონის წინ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გადაიბირა: გაგი მარგველაშვილილაზარე კუპატაძელუკაშ გროცურეკიოლეკსანდრ აზაცკივამარა სანოგოგიორგი ზარიარაფაელ ჩუკვურასანდრო ალთუნაშვილიგრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი ფანცულაია ახალი სეზონიდან აჭარულ კლუბში ითამაშებენ.

📺 დინამო ბათუმი 1:1 თელავი

კომენტარები

ბოლო ამბები