Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის ხელახალ არჩევნებს, რომელიც 24 თებერვალს არის დანიშნული, ირაკლი აბუსერიძის გუნდი აპროტესტებს. 

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბრის განმეორებითმა საერთო კრებამ რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩია, თუმცა საჯარო რეესტრმა მის დარეგისტრირებაზე უარი თქვა და მიზეზად პროცედურული დარღვევები მოიყვანა.  ხარვეზის გამოსასწორებლად 30 დღიანი ვადა დაწესდა, რომელიც რამდენიმე დღეში იწურება. გადაწყდა, რომ 24 თებერვალს საერთო კრება გაიმართება, რომლის დღის წესრიგი პრეზიდენტისა და გამგეობის არჩევას ითვალისწინებს.

აბუსერიძის მხარდამჭერმა ვეტერანმა და მოქმედმა მორაგბეებმა ბრიფინგი გამართეს, რომელთა სახელით განცხადება სიმონ მაისურაძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ 2021 წლის 31 იანვარი, ქართული რაგბის ისტორიაში სირცხვილის დღედ დარჩება.

"საკუთარი გადაწყვეტილების უნდა რცხვენოდეს იმ ვიწრო ჯგუფს, რომლებმაც ორი დღის წინ, ქართული რაგბი საკუთარ ვიწრო ინტერესებს შესწირეს, ღირსება წაართვეს და უკანონობა დააკანონეს", - განაცხადა მაისურაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის 30 დეკემბერს, ირაკლი აბუსერიძის საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე, იგრძნეს წნეხი იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ცხადია, რომ "აბუს გუნდი", ნეპოტიზმი, კორუფცია და ფულის შოვნა არათავსებადია. სიმონ მაისურაძის განცხადებით, ამ ადამიანებმა, რომელთა შორის არიან ყოფილი მორაგბეებიც, პირადი კონტაქტების ხარჯზე ამ სიბინძურეში სახელმწიფო სტრუქტურები ჩართეს.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სრულიად დაუსაბუთებლად დაახარვეზა რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის დარეგისტრირება და დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა, რომელიც მათ წესების სრული დაცვით წარუდგინეს.

"მაგრამ პასუხის მიღებამდე, სრულიად უკანონოდ, ჩუმად და სამარცხვინოდ, 31 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის იურიდიული სამსახურისა და გამგეობის თავმჯდომარის გარეშე შეიკრიბა ძველი, აწ უკვე არალეგიტიმური გამგეობის ნაწილი და ახალი, დე ფაქტო არჩევნები ჩანიშნა", - დასძინა სიმონ მაისურაძემ.

ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრები მიმართავენ იუსტიციის მინისტრს, რომ პირადად და დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ საქმით. ასევე, მოუწოდებენ რაგბის გულშემატკივარს, გვერდით დაუდგეს მათ, რათა ერთად გადაარჩინონ ქართული რაგბი და ხაზს უსვამენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ.

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნებზე 43 დელეგატი გამოცხადდა

30 დეკემბერს გამართულ საქართველოს რაბის კავშირის ყრილობას 82 დელეგატიდან 43 დაესწრო, რომელთაგანაც 31-მა მხარი ირაკლი აბუსერიძეს დაუჭირა. გოჩა სვანიძეს ხმა 10-მა მისცა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა. საჯარო რეესტრს განცხადებით პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ მიმართა, რომელმაც დეკემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და პროცესს არც დასწრებია.

კომენტარები

ბოლო ამბები