Thumbnail
  • დალას მავერიკსი 108:109 ფინიქს სანსი
  • 35 წლის კრის პოლი სამაგალითო იყო
  • დევინ ბუკერმა გადამწყვეტი სამიანი ჩააგდო

ლუკა დონჩიჩის დალასი ისევ დამარცხდა - ზედიზედ მეექვსედ! მავერიკსმა ამჯერად უკიდურესად დრამატული მატჩი წააგო ფინიქს სანსთან, რომელიც დონჩიჩის გუნდისგან განსხვავებით, NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.

უაღრესად დაძაბულ ბოლო ფაზაში, საფინალო სირენამდე წამნახევრით ადრე დევინ ბუკერმა სამქულიანი ჩააგდო და ფინიქსს ამ შესანიშნავი ტყორცნით მოაგებინა. მანამდე კი კრის პოლი დომინირებდა სამაგალითოდ, დალასისგან კი ამ ეტაპზე მხოლოდ დონჩიჩის ქულები და დამყარებული, თუ დასამყარებელი რეკორდებია დარჩენილი.

35 წლის კრის პოლმა თამაში 34 ქულით (14/20, 4/7 სამქულიანი), 9 მოხსნით და 9 პასით დაასრულა. ბუკერი კი მატჩის მიმდინარეობისას უმატებდა და თავისი 24 ქულიდან 15 ბოლო მეოთხედში ჩააგდო (9/19, 4/8 სამქულიანი). აღსანიშნავია, რომ მატჩის გმირი ბუკერი 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

10-ქულიანი ზღვარი ფინიქსის სხვა სტარტერებმაც გადალახეს, დეანდრე ეიტონმა კი 10 ქულას 17 მოხსნაც დაუმატა, რომელთაგან ორი მოხსნა შეტევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ფაზაში. სტუმრებმა ჯამში თავიანთი სამიანების 37,1 პროცენტი ჩააგდეს (13/35) და ამ მხრივ საგრძნობლად უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე დალასელებს (10/32, 31,3 პროცენტი).

დალასის საუკეთესო, რა თქმა უნდა, ისევ დონჩიჩი იყო, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. თუმცა სლოვენიელს 4 დაკარგვაც ჰქონდა და სამიანებიც არ წაუვიდა (1/4). ჯოშ რიჩარდსონმა 24 ქულა ჩააგდო, კრისტაპს პორზინგისმა კი - 19 და 10 მოხსნაც ჰქონდა (პლუს 5 დაკარგვა).

21 თამაშის შემდეგ, 8 გამარჯვებით და 13 მარცხით დალას მავერიკსი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და მხოლოდ მინესოტას და ნიუ ორლეანს უსწრებს. ფინიქსი კი, როგორც უკვე ვთქვით, მე-6 პოზიციით პლეი ოფის ზონაშია. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები