Thumbnail

ჯიღაური: ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესდა, თურქეთში ტაქტიკაზე ვიმუშავებთ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა პრესეზონის პირველი ეტაპი დაასრულა და დღეს თელავთან ტესტ-მატჩში ფრედ, 1:1 ითამაშა. აღნიშნული შეხვედრა, ისევე, როგორც მოსამზადებელი ეტაპის დასრულებული ნაწილი, პოპსპორტთან ბათუმელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიღაურმა შეაფასა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თქმით, ბათუმელები ჩატარებული სამი მატჩით კმაყოფილები არიან და ამ დროისთვის ძირითადი აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას ეთმობოდა, ხოლო თურქეთში უფრო მეტად ტაქტიკურად მოემზადებიან.

ჯაბა ჯიღაური: "პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოსამზადებელი ეტაპის პირველმა ნაწილმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. თამაში გუშინაც გვქონდა, ფეხბურთლების უმეტესობა ფიზიკურად ძალიან დაიტვირთა. რაც შეეხება შეთამაშებას, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ გუნდი ბოლომდე შეთამაშებულია, ამ ეტაპზე აქცენტი კეთდება ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე, ხოლო შეთამაშებას უფრო მეტად ყურადღება მეორე შეკრებაზე მიექცვა.

თელავთან კარგი თამაში გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით. მინდვრის საფარის ხარისხიდან გამომდინარე ვფიქრობ, კარგი თამაში იყო და წარმატებებს ვუსურვებ თელავს, რომელიც კარგი გუნდია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, ხარისხთან ერთად აქცენტს შედეგზეც ვაკეთებთ, რათა თითოელი მატჩი მოვიგოთ. განვლილი 3 თამაშით ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც კმაყოფილები არიან, რადგან პირველ რიგში ფიზიკურ კონდიციაზე გაკეთდა აქცენტი და ფიზიკურად გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება. ახლა, თურქულ შეკრებაზე უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და უფრო მეტად ტაქტიკურ მომზადებას მივაქცევთ ყურადღებას".

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმმა მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი დაასრულა და სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდმა გაგრასთან (2:2) და თელავთან (1:1) ფრე ითამაშა, თბილისის ლოკომოტივი კი დაამარცხა (2:1). ბათუმელები თურქეთის ქალაქ ბელეკში 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე მოემზადებიან და რამდენიმე ამხანაგურ თამაშსაც ჩაატარებენ.

📺 დინამო ბათუმი V თელავი

კომენტარები

ბოლო ამბები