Thumbnail

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა ახალი სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდმა მესამე ამხანაგური მატჩი თელავთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა. 

ამხანაგური მატჩის სტატუსის მიუხედავად, ფეხბურთელები ხისტ ბრძოლას თავიდანვე არ ერიდებოდნენ, რის გამოც არბიტრს არაერთხელ მოუხდა თამაშის შეჩერება. მცირე სათამაშო უპირატესობა ბათუმელებს ჰქონდათ, რომლებმაც ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 30-ე წუთზე მიეცათ, თუმცა მარცხენა ფრთიდან ლაშა ჩალაძის გარღვევისა და ახლო მანძილიდან გიორგი ნიქაბაძის დარტყმის შემდეგ თელაველთა მეკარემ სახიფათო ეპიზოდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც განმუხტა.

ხუთიოდე წუთის შემდეგ ნიქაბაძე მეორედაც დაემუქრა მეტოქის კარს - საჯარიმოდან ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ გიორგის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში უსაქმოდ არც მიხეილ ალავიძე ყოფილა. ბათუმელთა მეკარემ 38-ე წუთზე მასთან პირისპირ დარჩენილ მეტოქეს არ გაატანინა და თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მაღალი ტემპი შესვენების შემდეგაც შენარჩუნდა. ბურთი მოედნის ცენტრში დიდხანს არ ჩერდებოდა, მაგრამ ორმხრივ იერეშებს სიმწვავე გადამწყვეტ მომენტში აკლდებოდა. 71-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმო დარტყმით სცადა გოლის გატანა, მაგრამ კუთხეში წასული ბურთი თელაველთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. 

ანგარიში თელავმა 75-ე წუთზე გახსნა. მიხეილ ბაშელეიშვილმა თავისი ნახევრიდან ირაკლი რუხაძის მისამართით გრძელი გადაცემა გააკეთა. ეს უკანასკნელი ჯერ ბათუმელთა მცველებს გასცდა, შემდეგ კი მეკარესაც და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

დინამო ბათუმმა სწრაფადვე გაათანაბრა. გიორგი ფანცულიამ ისარგებლა თელაველთა მცველის შეცდომით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კი აუღელვებლად, ეფექტური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა ახალწვეულმა სამივე საკონტროლო მატჩში შეძლო გატანილი გოლით თავის გამოჩენა.  

დინამო ბათუმმა სეზონისთვის მზადების ფარგლებში მანამდე ამხანაგურად თბილისის ლოკომოტივთან (2:1) და გაგრასთან (2:2) ითამაშა. გია გეგუჩაძის გუნდი 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე თურქეთის ქალაქ ბელეკში გადაინაცვლებს, სადაც რამდენიმე ტესტ-მატჩის ჩატარებას გეგმავს.

📺 დინამო ბათუმი V თელავი

დინამო ბათუმი 1:1 თელავი

გოლები: 1:1 რუხაძე (75') , 1:1 ფანცულაია (78') 

დინამო ბათუმი (I ტაიმი): ალავიძე - მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, გაგოშიძე, ჩალაძე - ტეიდი, მანჯგალაძე - ჯიჯავაძე, ალთუნაშვილი, თევდორაძე - ნიქაბაძე.

(II ტაიმი): ნავალოვსკი, ჯიღაური, ჩაბრაძე, აზაცკი, კობახიძე, ჩუკვურა, სანოგო, გროცურეკი, ფანცულაია. 

კომენტარები

ბოლო ამბები