Thumbnail

წუხანდელი სათამაშო დღის ყველაზე დაძაბული შეხვედრა ვაშინგტონსა და ბრუკლინს შორის გაიმართა. ნეტსი ჯეიმს ჰარდენის გარეშე თამაშობდა, თუმცა მაინც ფავორიტი იყო. ვესტბრუკი-ბილის ვარსკვლავური დუეტის მიუხედავად, დედაქალაქელები ამ სეზონში მაინც უპირობო აუტსაიდერები არიან.

ამ თამაშში მოლოდინები არ გამართლდა. ვაშინგტონი ბრუკლინს მთელი თამაში თანაბრად ებრძოდა და ბოლო წუთის წინ ანგარიში თანაბარი იყო. ამის შემდეგ ჯერ კაირი ირვინგმა გაიყვანა ნეტსი წინ, რასაც კიდევ ერთი შედეგიანი შეტევა მოყვა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე, ბრუკლინი ხუთ ქულას იგებდა - ანუ, კალათბურთის ენაზე მატჩი ფაქტობრივად მოგებული იყო. პირიქით გამოვიდა: ჯერ ბრედლი ბილმა ჩააგდო შორეული სამიანი და შემდეგ ბრუკლინს ბურთი მოპარეს, რასაც ვესტბრუკის კიდევ ერთი სამქულიანი მოჰყვა! 

ბრუკლინი კვლად დაცვამ დააღალატა. შეტევაში ეს გუნდი მთელს ლიგაში ყველაზე პროდუქტიულია და ამჯერადაც 146 ქულა ჩააგდო, თუმცა დაცვაში ნეტსი ძალიან ცუდად გამოიყურება და სისტემატიურად უშვებს 120-140 ქულის ფარგლებში.

ბრუკლინი მეტოქეზე უკეთ ისროდა - ზუსტი სროლების 56 პროცენტი მეტოქის 51-ის წინააღმდეგ. უკეთესი იყო პერიმეტრიდან - ზუსტი სამქულიანების 52 პროცენტი (ვაშინგტონს მხოლოდ 30 პროცენტი ჰქონდა), თუმცა მაინც წააგო. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნეტსმა მეტოქეზე 10-ით მეტჯერ, 17-ჯერ დაკარგა ბურთი და ვაშინგტონმა 10-ჯერ ბურთი მოიპარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა 20-ით მეტი სროლა შეასრულა. 

კევინ დურანტმა 37 ქულა დააგროვა, კაირი ირვინგმა - 26. 13-დან 8 სამქულიანი გამოიყენა და 30 ქულას მოუყარა თავი ბრუკლინის მსროლელმა ჯო ჰარისმა.

ვაშინგტონიდან 78 ქულა ბილი-ვესტბრუკის დუეტის ანგარიშზეა. ვესტბრუკს 41 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა (მათ შორის 4 მეტოქის ფარზე), ხოლო ბრედლი ბილს - 37 ქულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები