Thumbnail

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ თითქოს ერთი პრობლემა მოაგვარა, თუმცა, მოულოდნელად მე-2 დიდი საფიქრალი გაუჩნდა, რაც ასახვას ქართველი კალათბურთელის მდგომარეობაზეც ჰპოვებს.

ნიკოლა მილუტინოვმა ტრავმა ბაიერნთან მატჩში მიიღო

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში რუსულ გრანდში მთავარი სასაუბრო თემა მაიკ ჯეიმსთან დაკავშირებული სკანდალი იყო. ამერიკელ ვარსკვლავს გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა აერია და თანაგუნდელებთან, მათ შორის თორნიკე შენგელიასთან ჩხუბიც კი დააბრალეს. ცსკა-ს ფანებისდა სასიხარულოდ, ამ პრობლემის მოგვარება მოხერხდა და მხარეების ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ჯეიმსი კარიერას ცსკა-ში გააგრძელებს.

სამაგიეროდ, მოსკოველებს სეზონის ბოლომდე გამოაკლდათ ძირითადი ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი. ამ შემთხვევაში, მიზეზი მძიმე ტრავმაა და ცხადია, ამჯერად, მოლაპარაკებების საშუალებით სასიკეთო არაფერი გამოვა. სერბმა კალათბურთელმა მხარი მიუნხენის ბაიერნთან წაგებულ მატჩში მიიღო, იმ თამაშის დასრულება ვერ მოახერხა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოპერაციასაც ვერ გადაურჩება.

აღსანიშნავია, რომ მილუტინოვი ევროლიგის ლიდერი იყო როგორც შეტევაში (4.4), ასევე - ჯამურ მოხსნებში (8.6), სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით კი, ტურნირზე მე-6 შედეგი (17.9) ჰქონდა. მილანთან საგარეო მატჩში მან შეტევაში 16 მოხსნა მიითვალა და ევროლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა, ამასთან დეკემბრის MVP-ც გახდა.

“დანაკლისი მძიმეა, თუმცა, მილუტინოვის შეცვლა მაინც შეიძლება. თორნიკე შენგელიას მოუწევს წინა ხაზში მეტი დატვირთვის აღება, მეტი შანსი მიეცემათ ჯოელ ბოლომბოისა და იოჰანეს ფოიგტმანს და არც უნივერსალი ფორვარდი უილ კლაიბერნი უნდა დავივიწყოთ. ინსაიდერების ინფორმაციით, ცსკა არც ეკპე უდოს დამატებას გამორიცხავს, რომელიც ფენერბაჰჩეს მაისურით 2017 წლის “ოთხთა ფინალის” MVP გახდა”, - წერს Championat-ი.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნთან წაგებული მატჩის გამო, ცსკა-მ ევროლიგაში ლიდერობა ესპანურ ბარსელონას გადაულოცა, მომდევნო მატჩს კი 4 თებერვალს, კიდევ ერთ ესპანურ კლუბ ვალენსიასთან სტუმრად ჩაატარებს. მანამდე, უკვე 1 თებერვალს შენგელიასა და მის თანაგუნდელებს, VTB ლიგის ეგიდით, პოლონეთში ზიელონა გორასთან ელით და შესაძლოა, ჯეიმსის დაბრუნება უკვე ამ თამაშში ვიხილოთ.

📺 ცსკა V ბაიერნი

კომენტარები

ბოლო ამბები