Thumbnail
  • მარტინ ოდეგაარდი სეზონის ბოლომდე ლონდონის არსენალში ითამაშებს
  • მიკელ არტეტას კომენტარი

მადრიდის რეალის 22 წლის ნახევარმცველი მარტინ ოდეგაარდი (ნორვეგიულად გამოითქმის: იოდეგორი) არსენალში გადავიდა, ეს ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

"გაიცანით უახლესი მეთოფე, ჩვენი ახალი 11 ნომერი", - წერს არსენალის ოფიციალური გვერდი - ნორვეგიელი ფეხბურთელი ლონდონში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რადგან ის ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედიოდა და "სამეფო კლუბში" სათამაშო პრაქტიკა აკლდა. 

მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "დიდებულია, რომ ჩვენ შევძელით მარტინის სეზონის ბოლომდე დაბევება. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა უმაღლეს დონეზე დიდი ხანია, თამაშობს. მარტინი შეტევაში ხარისხს შეგვმატებს. მოხარულია, რომ მაისის ჩათვლით მის გეგმებში მხოლოდ არსენალი იქნება".

შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა ნორვეგიულ სტრომგოდსეტში დაიწყო, სადაც დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა. 2015 წლის იანვარში ოდეგაარდი მადრიდის რეალმა შეიძინა, იმავე წლის მაისში კი ის "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც პირველ გუნდში ითამაშა. მას მერე მან იჯარით ჰეერენვენში, ვიტესში და რეალ სოსიედადში ითამაშა. 22 წლის ასაკში მას უკვე 25 მატჩი აქვს ნორვეგიის ნაკრებში ჩატარებული. 

შეგახსენებთ, რომ არსენალი 30 ქულით ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ მე-8 ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ არტეტას გუნდი ბოლო დროს კარგად ასპარეზობს. 

საბაზრო ფასების მიხედვით, მარტინ ოდეგაარდი ამ ზამთარს იჯარით გადასულ ფეხბურთელთა შორის ტოპ-სამეულშია, მისი ფასი "ტრანსფერმარკტის" მიხედვით 40 მილიონი ევროა. 

კომენტარები

ბოლო ამბები