Thumbnail

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა რამდენჯერმე გადადებული შეხვედრა, რომელიც შარშან თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით უნდა ჩატარებულიყო, 7 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მოახლოვებული მატჩის შესახებ Rugger.info რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, უელსელ ლინ ჯონს ესაუბრა, რომელმაც ინტერვიუს დროს რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.

ჟურნალისტმა მას შესთავაზა, რომ თუ იგი საქართველოს ნაკრებს დაამარცხებდა, თავი გადაეპარსა, თუმცა ჯონსმა მას ასეთი რამ უპასუხა: "არა, მე ამას არ ვიზამ, თუმცა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, მინდა, ვლადიმერ პუტინს შევხვდე. მომეცით გმირის წოდება, როგორც იური გაგარინს!"

გარდა ამისა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველ მორაგბეებზეც ისაუბრა, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ: "თითქმის ყველა ქართველი საფრანგეთში თამაშობს, სადაც შუა სეზონია. ვფიქრობ, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში ჩატარდება, თუმცა მეორე ნახევარი ჩვენთვის ბევრად რთული იქნება. ძალა და გამოცდილება საქართველოს მხარესაა", - აღნიშნა ლინმა.

რუსების უელსელმა თავკაცმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს “შემოდგომის ერთა თასში” მონაწილეობის შესახებ და დაასახელა სამი კომპონენტი, რომელშიც “ბორჯღალოსნები” მის ნაკრებს სჯობს.

"პირველი ფიზიკური მომზადებაა. მეორე გამოცდილება. შემოდგომის ერთა თასზე ქართველებს შანსი მიეცათ, ტოპ გუნდების წინააღმდეგ ეთამაშათ. მათ  ამ შეხვედრებიდან ბევრი რამ ისწავლეს. მესამე არის თავდაჯერება - ისინი რუსეთის ნაკრებთან არ აგებენ. ფსიქოლოგია მათ მხარესაა, მაგრამ ჩემი საქმეა, რუს მორაგბეებს მივცე რწმენა, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ", - დაამატა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები