Thumbnail

'25 მილიონი კარგი ფასია' - რუბინის დირექტორი კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ყაზანის რუბინის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით იტალიური ნაპოლია დაინტერესებული და მზადაა, ქართველი ტალანტის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

“ნაპოლის ინტერესის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგანაც ჩვენამდე ოფიციალური წინადადება არ მოსულა. ისე კი, გეტყვით, რომ 25 მილიონი ევრო კარგი ფასია”, - განაცხადა საიმანოვმა.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას მეორე სეზონია იცავს და კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3 პენალტიც მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია საკონტროლო მატჩებშიც ჩინებულად გამოიყურება

ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შეძენით, რომელსაც პორტალი Transfermarkt ამჟამად 10 მილიონ ევროდ აფასებს, რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება. ნაპოლის გარდა, მედიაში დასახელებული იყო დორტმუნდის ბორუსია, ესპანური სევილია, იტალიური უდინეზე, სასუოლო და ტორინო, ავსტრიული ზალცბურგი და ბელგიური გენტი, თუმცა ჯერჯერობით ხვიჩა რუბინში რჩება, რომელთან ერთადაც სეზონის განახლებისთვის ემზადება და ორ საკონტროლო მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, დღესვე კვარაცხელიას შესახებ მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველმა ვალერი კეჩინოვმაც ისაუბრა და წუხილი გამოთქვა, რომ ხვიჩა რუსი ფეხბურთელი არაა:

“თავის დროზე ძალიან მომწონდა ზელიმხან ბაკაევი მომწონდა, კარგი თამაშები ჰქონდა, თუმცა, რატომღაც წინსვლა შეწყვიტა. არ ვიცი, რაშია საქმე. ძალიან კარგია ხვიჩა კვარაცხელია, ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია. ვწუხვარ, რომ ის რუსი არაა”.

📺 კვარაცხელიას დუბლი სოჭისთან

კომენტარები

ბოლო ამბები