Thumbnail

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა წლის პირველი მატჩი თასის მფლობელ გაგრასთან ჩაატარა. გია გეგუჩაძემ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა და გუნდის ახალწვეულებიც გამოსცადა.

ბათუმელებმა, რომელთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდა, მატჩის დასაწყისშივე თამაშის შეტევაში, მეტოქის ნახევარზე წარმართვა სცადეს და ეს შეძლეს კიდეც, თუმცა პირველ ტაიმში საკუთარ კარში ორი გოლი მიიღეს.

მე-13 წუთზე დინამოელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, გაგრელთა სწრაფი კონტრშეტევა კი ანგარიშის გახსნით დასრულდა. თავი თორნიკე მეტრეველმა გამოიჩინა, რომელმაც მიხეილ ალავიძეს კარში მეორედ 6 წუთის შემდეგაც გაიტანა. 

მოგვიანებით სხვაობის შემცირება ვალერიან თევდორაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით სცადა, თუმცა ბურთი გაგრელთა კარს მცირე მანძილით ასცდა. შესვენებამდე ბათუმელთა ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო.

ვამარა სანოგომ დინამო ბათუმში პირველად ითამაშა

მეორე ტაიმში გია გეგუჩაძემ შეცვლილი შემადგენლობა გამოიყვანა, თუმცა ბათუმელებმა ისევ "პირველ ნომრად" თამაშზე გააკეთეს აქცენტი და შედეგიც მალევე მიიღეს. ახალ გუნდში თავის გამოსაჩენად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება გიორგი ფანცულაიას. 26 წლის ფეხბურთელმა, რომელიც დინამო ბათუმში ქუთაისის ტორპედოდან გადავიდა, გაგრელებს ეფექტური გოლი გაუტანა.

დინამო ბათუმმა ანგარიში მალევე 11-მეტრიანით გაათანაბრა, რომელიც გაგრას საჯარიმოში გიორგი ნიქაბაძის წაქცევისთვის დაინიშნა. ვალერიან თევდორაძემაც პენალტი აუღელვებლად და უნაკლოდ შეასრულა.

ბათუმელთა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ ფრე - 2:2.

დინამო ბათუმი მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს თბილისში გაივლის და კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი 31 იანვარს თბილისის ლოკომოტივთან ისპარინგებს, 1-ე თებერვალს კი - თელავთან.. 4 თებერვლიდან 20 თებერვალმდე კი ბათუმელები თურქეთის ქალაქ ბელეკში გააგრძელებენ მზადებას, სადაც ასევე რამდენიმე ტესტ-მატჩის ჩატარება იგეგმება.

📺 დინამო ბათუმი V გაგრა

დინამო ბათუმი 2:2 გაგრა

გოლები: 0:1, 0:2 მეტრეველი (13', 19') 1:2 ფანცულაია (53'). 2:2 თევდორაძე (66' პენ.)

დინამო ბათუმი (პირველი ტაიმი): ალავიძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩუკვურა - ალთუნაშვილი, ჯიჯავაძე - გაფრინდაშვილი, თევდორაძე, გროცურეკი - სანოგო.
დინამო ბათუმი (მეორე ტაიმი): კუპატაძე - ჯიჯავაძე, მამუჩაშვილი, გაგოშიძე, ჩალაძე - მანჯგალაძე, ტეიდი, თევდორაძე, ჯიღაური - ფანცულაია, ნიქაბაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები