Thumbnail
  • ბარსელონას ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდა
  • როგორ მივიდა კატალონიური გრანდი ასეთ მდგომარეობამდე
  • ლიონელ მესის გაყიდვა შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს

ბარსელონას უმძიმესი ფინანსური კრიზისი აქვს. ვითარება კვირიდან კვირამდე უფრო მძიმდება. კატალონიური გრანდის ვალი თითქმის 1,2 მილიარდი ევროა - ბარსამ ეს ოფიციალურად, წლის ფინანსურ ანგარიშში გამოაქვეყნა. ამრიგად, გადაჭარბებული ნამდვილად არ არის ‘ელ მუნდოს’ სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბარსელონა გაკოტრების ზღვარზეა. ცხადია, რთული წარმოსადგენია, რომ ბარსა გაკოტრდეს, მაგრამ მაინც: როგორ მივიდა ბარსელონა აქამდე?

წლების მანძილზე ფულს არ ზოგავდნენ

არსებული ვალის მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს ის არის, რომ ბარსა წლების მანძილზე ფულს არ ზოგავდა და იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე შეეძლო. მარტივია: როცა ხარჯავ ფულს, რომელიც არ გაქვს, კრიზისულ სიტუაციაში ფინანსური კოლაფსი გარდაუვალია.

კატალონიური გრანდის შემოსავლის 74 პროცენტი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და თანამშრომლების ხელფასებში იხარჯებოდა. 74 პროცენტი ნამეტანია - ბევრი აღარ რჩება. ამასთან, კლუბს ლა ლიგისგან ჯარიმაც ემუქრება, რადგან წესების მიხედვით, სახელფასო ფონდი შემოსავლის 70 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

ბარსელონას რამდენიმე კლუბის ვალიც აქვს. მაგალითად, ბარსამ ლივერპულს უნდა გადაურიცხოს 40 მილიონი ევრო - ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის გამო, რომელიც კატალონიაში სამი წლის წინ გადავიდა.

ბარსელონას ბაიერნის ვალიც აქვს - დაახლოებით 11 მილიონი ევრო არტურო ვიდალის გამო, რომელიც ბარსაში აღარც კი თამაშობს. საერთო ჯამში, ძველი ტრანსფერების ვალების ჯამი თითქმის 200 მილიონი ევროა. აქედან, 126 მილიონი მალეა გადასახდელი.

თამაში დროზე

ამაზე უფრო უარესი ის არის, რომ კატალონიურმა გრანდმა 30 ივნისამდე 266 მილიონი ბანკებს უნდა გადაუხადოს. რეალურად, აბსურდია ის, რომ ბარსა მაინც იღებდა კრედიტებს - მიუხედავად იმისა, რომ გარანტიები აღარ ჰქონდა.

ახლა ბარსა დროზე თამაშობს. Football Espana-ს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელებმა რამდენიმე ბანკს გამონაკლისის დაშვების თხოვნით მიმართეს, რათა ვალის დაბრუნება გადაიდოს. ამით გადახდისუუნარობის საფრთხე უნდა იქნას თავიდან აცილებული, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალია - ოდნავ უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში კი საშველი მხოლოდ შემოსავლის მიღებაა. დროზე თამაში ასეთ ვითარებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გეხმარება, თუ გეგმა გაქვს, მაგრამ საიდან უნდა მიიღოს ბარსამ ასობით მილიონი?

ბარსა ფეხბურთელებს უნდა მიადგეს

ერთი რამ ცხადად ჩანს: ბარსელონას ბანკებისგან ახალი კრედიტების მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს. საკმარისად გასაკვირია ისიც, რომ კატალონიელებმა, მაგალითად, ანტუან გრიზმანის შესაძენი თანხა მიიღეს. მაგრამ ეს მოხდა და ახლა ზღვარი გადალახულია. რჩება ფულის მიღების ორი გზა: ხელფასების შემცირება და ფეხბურთელების გაყიდვა.

თუმცა მოთამაშეების სარფიანად გასაყიდად ახლა ცუდი პერიოდია. ვინ გადაიხდის კორონა-პანდემიაში ბევრ მილიონს? ამასთან, ისმის კითხვა, ვისი გაყიდვა შეუძლიათ კატალონიელებს ძალიან ძვირად და, ლოგიკურია, რომ პირველი ყველას ლიონელ მესი ახსენდება.

მესი სწრაფად უნდა გაყიდონ?

გასულ ზაფხულს არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ბარსელონაში შოკური მდგომარეობა გამოიწვია, როცა თქვა, რომ გუნდიდან წასვლა სურდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ ის ბარსელონაში მაინც დარჩა, მაგრამ ახლა კლუბში საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ ბარსას მესი ზაფხულში უნდა გაეყიდა. მისი ტრანსფერიდან მიღებული თანხა და დაზოგილი ხელფასი ბარსას ამ სიტუაციაში ნამდვილად წაადგებოდა.

ახლა კი ბარსელონას პრობლემა აქვს, რადგან თუ ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, მესი კლუბს ზაფხულში უკვე უფასოდ დატოვებს. პარი სენ-ჟერმენი არგენტინელის ტრანსფერით დაინტერესებულია, რაც ფრანგულ გრანდში დაადასტურეს. “ყველაფერი მასზე დამოკიდებული - სურს თუ არა ჩვენთან გადმოსვლა. პსჟ ეცდება, დაარწმუნოს,” - ეს პარიზელთა ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის სიტყვებია, ცოტა ხნის წინ, იტალიურ ‘კორიერე დელო სპორტს’ რომ უთხრა.

თუ Canal Plus-ის ექსპერტ ჟოფრი გარეტიეს დავუჯერებთ, მესი და მთელი მისი ოჯახი უკვე ფრანგულ ენას სწავლობს - პარიზში გადასასვლელად ემზადებიან. “მესი, მისი მეუღლე და შვილები უკვე ფრანგულს სწავლობენ. როგორ ფიქრობთ, მანჩესტერ სიტიში რომ გადადიოდეს, ამას გააკეთებდნენ?” - თქვა გარეტიემ, რომელიც ამ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალბათ გრიზმანი და დემბელეც

მესის ტრანსფერში ბარსას ფულის აღება მხოლოდ ახლა, ზამთარში შეუძლია. სატრანსფერო ფანჯარა 1 თებერვალს იხურება. 33 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის ასე სწრაფად გაყიდვა ძალიან მოულოდნელი იქნებოდა და ესეც რომ არ იყოს, მესის კალიბრის ფეხბურთელის ტრანსფერი ურთულესი განსახორციელებელია.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ ბარსელონას ფინანსური კრიზისის დასაძლევად მესის გაყიდვაც არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ბარსას ფანებს იმედი აქვთ, რომ კლუბი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მალე ბარსელონა იძულებული გახდება, ანტუან გრიზმანი და უსმან დემბელეც გაყიდოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში აქტიურად ფიქრობენ ჟორდი ალბას, ფრენკი დე იონგის და ასევე მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გაყიდვაზეც. ოღონდ, ეს უკვე ზაფხულისთვის.

მანამდე კი ბარსა დროზე თამაშს აგრძელებს. გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. კატალონიელებს ჯერ ახალი პრეზიდენტიც კი არ ჰყავთ...

კომენტარები

ბოლო ამბები