Thumbnail

'აშკარაა, რომ შეტევაში კრეატივს შეგვმატებს' - როტორის მწვრთნელი არაბიძეზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვოლგოგრადის როტორის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი არაბიძეზე ისაუბრა
  • 22 წლის გარემარბმა ალეკსანდრ ხაცკევიჩს გარკვეული შთაბეჭდილება შეუქმნა

ვოლგოგრადის როტორის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა ახალწვეულ გიორგი არაბიძეზე ისაუბრა, რომელიც გუნდს ახლახან იჯარით, სეზონის ბოლომდე შეუერთდა. 

22 წლის ქართველი გარემარბმა, რომლის სატრანსფერო უფლებები პორტუგალიურ ნასიონალს ეკუთვნის, როტორთან ერთად ბელეკში პირველი შეკრება გაიარა, ითამაშა ორ საკონტროლო მატჩში და მწვრთნელს გარკვეული წარმოდგენაც შეუქმნა.

გიორგი როტორის ღირსებას 21-ნომრიანი მაისურით დაიცავს

მოგვიანებით ალეკსანდრ ხაცკევიჩმა გიორგი კლუბის YouTube-არხზე დაახასიათა: 

"ჯერჯერობით არაბიძეს ვაკვირდებით და ვეცნობით. ჩანს, რომ ის სრულებით მოუმზადებელი მოვიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას საკმაოდ სერიოზული ტრავმა ჰქონდა. მაგრამ აშკარაა, რომ ის შეტევაში კრეატივს შეგვმატებს. ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, აქვს ძალიან კარგი მარცხენა ფეხი და გამოირჩევა მოედანზე არასტანდარტული აზროვნებით.

მაგრამ რაც უნდა იყოს, ჯერჯერობით, სანამ ფუნქცია და მოძრაობა არ ექნება, გაუჭირდება. საკითხს ისიც მოთმინებით უდგება. გარკვეულწილად, მას ნაკლებად ვტვირთავთ სირბილით და ფიზიკურად, მაგრამ მისი ძლიერი მხარეების სწორად გამოყენებაა საჭირო", - ამბობს ბელარუსი სპეციალისტი. 

ვოლგოგრადის როტორმა პირველი მოსამზადებელი შეკრება უკვე დაასრულა. გუნდი, რომლის ღირსებას საბა კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც იცავენ, მეორე შეკრებას 30 იანვრიდან 11 თებერვლამდე გეგმავს, დასკვნით ეტაპს კი 15-24 თებერვალს გაივლის. 

არაბიძეს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი აქვს

როტორი, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს, სეზონს 26 თებერვალს, ტამბოვთან გასვლითი შეხვედრით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები