Thumbnail
  • 'მას შემდეგ, რაც რეპტორსთან კარგი მატჩი ჩაატარა, მოსალოდნელია, რომ მეტს ათამაშებენ'
  • ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, შესძლებს თუ არა მორჩენას ლიეტუველი კალათბურთელი

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩს ხვალ დილით შარლოტში ჩაატარებს და დიდი შანსია, ქართველ ცენტრს თავის გამოსაჩენად საკმაო დრო მიეცეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ინდიანელთა ერთ-ერთ ლიდერ დომანტას საბონისს ტრავმის გამო თამაშის გამოტოვება მოუწევს. აღნიშნულის შესახებ პეისერსის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს.

“საბონისის საკითხი კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს იმას ნიშნავს, რომ მაილს ტერნერს სამწამიან ზონაში სხვათა დახმარება დასჭირდება. მას შემდეგ, რაც ორშაბათს კარგი თამაში ჩაატარა, მოსალოდნელია, რომ ექსტრა წუთებს გოგა ბითაძე მიიღებს. ახალგაზრდა ცენტრმა, რომელიც ლიგაში მე-2 სეზონს ატარებს, მოედანზე მხოლოდ 11:57 წუთი გაატარა, თუმცა, პეისერსს 10 ქულა და 2 დაფარება შესძინა”.

ქართველი ცენტრი ტორონტოსთან შეხვედრაში კარგად ჩაერთო

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ტორონტოსთან მოგებულ მატჩში მოხდა და მაშინაც ქართველი კალათბურთელის მოედანზე გამოჩენის მიზეზი სწორედ ლიეტუველი ლეგიონერის ტრავმა გახდა. საბონისმა მუხლი დაიშავა და შეხვედრას პირველივე მეოთხედში გამოაკლდა. არსებობდა საშიშროება, რომ დომანტასს არაერთი მატჩი გამოეტოვებინა, თუმცა, მაგნიტო-რეზონანსულმა კვლევამ სერიოზული დაზიანება არ აჩვენა და მის დაბრუნებას უახლოეს პერიოდში ელიან.

ცნობისთვის, ინდიანას ფანებში სულ უფრო პოპულარულია აზრი, რომ 21 წლის გოგა ბითაძე მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. რეპტორსთან თამაშამდე, ქართველ ტალანტს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, 18 იანვარს, ლოს ანჯელეს კლიპერსთან, როდესაც 16 წუთში 5 ქულა მიითვალა. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხს 8points9seconds გამოეხმაურა. ჰორნეტსთან მატჩი 28 იანვრის დილას თბილისის დროით 04:00 დაიწყება.

📺 ბითაძე ტორონტოსთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები