Thumbnail
  • ატლანტა ჰოუკსი 108:99 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • ლეონარდს, ჯორჯს და ბევერლის არ უთამაშიათ
  • კლიპერსის გამარჯვებების სერია შეწყდა

ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ, კარგ ფორმაში მყოფმა კლიპერსმა მარცხი იწვნია. ატლანტასთან 99:108-ით წაგებულ მატჩში საუკეთესო ჰოუკსის ლიდერი ტრეი იანგი გახლდათ 38 ქულით (12/23), თუმცა აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ლოსანჯელესელებმა სამი სტარტერის და მთავარი გმირების, კავაი ლეონარდის, პოლ ჯორჯისა (ორივე ჯანმრთელობის პროტოკოლის გამო აკლდა) და პატრიკ ბევერლის (მუხლის ტრავმა) გარეშე ითამაშეს. შედეგიც შესაბამისი იყო.

“ასე ძალიან რთულია, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რადგან წელს ასე იქნება, - განაცხადა მატჩის შემდეგ კლიპერსის ცენტრმა ივიცა ზუბაცმა (13 ქულა, 10 მოხსნა), -  აქამდე გვიმართლებდა, რადგან ყველა მოთამაშე გვყავდა, მაგრამ ახლა ცუდ ამბებსაც უნდა შევეგუოთ. სეზონი სწორედ ასეთი იქნება და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ.”

მიუხედავად მთავარი ვარსკვლავების არყოფნისა, კლიპერსი ატლანტას მაინც კარგად ებრძოდა. განსაკუთრებით კარგად რეჯი ჯეკსონმა (20 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა) და სერჟ იბაკამ (15) ითამაშეს. შესვენებაზე შემდეგ სტუმრები 48:43-საც იგებდნენ, მაგრამ მესამე მეოთხედში თამაშზე კონტროლი ატლანტამ დაამყარა. იანგმა მარტო ამ პერიოდში 14 ქულა ჩააგდო, ბოლო მეოთხედში კი კევინ ჰიურტერი გახლდათ ის კაცი, ვინც გადამწყვეტი როლი ითამაშა და სამიდან სამი 3-ქულიანი ჩააგდო (ჯამში 13 ქულა).

ტრეი იანგი და ჯონ კოლინზი კლიპერსთან გამარჯვებას ზეიმობენ

იანგთან ერთად შთამბეჭდავი თამაში ჰქონდათ დე’ანდრე ჰანტერს (22 ქულა), კლინტ კაპელას (13 ქულა, 18 მოხსნა) და ჯონ კოლინზს (11 ქულა, 11 მოხსნა, 5 დაფარება). ატლანტამ განსაკუთრებით კარგად დაცვაში ითამაშა - კლიპერსმა სროლების მხოლოდ 40,4 პროცენტი ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები