Thumbnail
  • ინტერი 2:1 მილანი | გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (31), 1:1 ლუკაკუ (71-პენ), 2:1 ერიკსენი (90)
  • ინტერი იტალიის თასის ნახევარფინალშია
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და რომელუ ლუკაკუმ იჩხუბეს

იტალიის თასის 1/4-ფინალში დერბი დელა მადონინა გაიმართა და როგორც მილანური გრანდების დუელს ახასიათებს, ემოციები დუღდა, მიუხედავად იმისა, რომ "სან სირო" უმაყურებლოდ იყო. ინტერმა მილანს თამაშით აჯობა, 2:1 მოუგო და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებეს, ხოლო "როსონერი" ასპარეზობას გამოეთიშა.

სტეფანო პიოლის გუნდი იგებდა, მაგრამ უპირატესობას ანტონიო კონტეს შეგირდები ფლობდნენ და შეუდარებლად თამაშობდა ჩიპრიან ტატარუშანუ, რომელმაც საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა გოლისგან. პირველი ტაიმი შედარებით მაინც თანაბარი იყო და მილანმა მოიგო, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესანიშნავი გოლით. თუმცა, შვედის დღე არ იყო, ის საბოლოო ჯამში ანტიგმირი გამოდგა, რადგან 58-ე წუთზე მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

აი, პირველი გაფრთხილება ზლატანმა ყოფილ თანაგუნდელ (მანჩესტერში ერთად თამაშობდნენ) რომელუ ლუკაკუსთან ჩხუბისთვის მიიღო. ინციდენტი 45-ე წუთზე მოხდა და თავიდან იბრა არაფერ შუაში იყო - ბელგიელსა და ალესიო რომანიოლის შორის მოხდა შელაპარაკება. თუმცა, რა თქმა უნდა, თანაგუნდელი ზლატანმა დაიცვა და ლუკაკუს ჩვეულ სტილში უღიმოდა. ამაზე რომელუს პასუხი იყო: "სახეში ნუ მიცინი!" სიტუაცია დაიძაბა და ზლატანმა მას უპასუხა: "წადი და შენი დამპალი ვუდუს რიტუალები სხვაგან გააკეთე, პატარა ვირო!"

ცხადია, გიგანტების შელაპარაკება ამით არ დასრულებლა: ლუკაკუ ითხოვდა, რომ იბრას გასახდელში შეხვედროდა, შვედის რეპლიკა ასეთი იყო: "წადი, დედაშენს დაურეკე და ერთად გააკეთეთ დამპალი ვუდუს რიტუალები".

დაპირისპირება შესვენებაზეც გაგრძელდა და ლუკაკუმ ამჯერად იბრას მეუღლე შეურაცხყო... აღსანიშნავია, რომ უფრო გაბრაზებული ლუკაკუ ჩანდა, რომელსაც თანაგუნდელები დიდი ხნის განმავლობაში აწყნარებდნენ.

თამაში მე-2 ტაიმში გაგრძელდა. იბრაჰიმოვიჩი, რომელიც კონფლიქტამდე გმირი იყო, სულ მალე ანტიგმირად იქცა, რადგან ალექსანდრ კოლაროვთან უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილეს და გასახდელში მიაბრძანეს. იბრას გარეშე დარჩენილი მილანი ფრთამოტეხილ ფრინველს ჰგავდა და ვერაფერი აჩვენა. ტატარუშანუმ კი ინტერის წინააღმდეგ მარტო ვერაფერი გააწყო. ანგარიში ლუკაკუმ პენალტით გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი არც მეტი, არც ნაკლები, კონტეს დაწუნებულმა კრისტიან ერიკსენმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით თამაში დაასრულა. ინტერი ნახევარფინალშია და მეტოქეს დაელოდება, რომელიც ან იუვენტუსი იქნება, ან - სპალ-ი.

ინტერი 2:1 მილანი

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (31), 1:1 ლუკაკუ (71-პენ), 2:1 ერიკსენი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები