Thumbnail
  • პაპუ გომესმა სევილიასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა
  • მან ატალანტა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა

ესპანურმა სევილიამ არგენტინელი ფეხბურთელი ალეხანდრო "პაპუ" გომესი დაიმატა. ანდალუსიელებს 32 წლის შემტევის ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდათ და მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

გომესი ატალანტაში თამაშობდა და კაპიტანიც იყო, მაგრამ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტის გამო გუნდის დატოვება მოუწია. 1 დეკემბერს, მიდტიულანდთან მატჩისას გომესმა მწვრთნელის მითითებების შესრულებაზე უარი თქვა. საბოლოოდ, პაპუს ატალანტადან წასვლა მოუწია, რომლის რიგებში მან ისტორია დაწერა.

გომესი ბერგამოელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და 252 თამაშში 59 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, პატარა იტალიური კლუბის ბოლოდროინდელ საოცარ წარმატებებში მისი წვლილი ძალიან დიდია.

კარიერის განმავლობაში არგენტინელმა ფეხბურთელმა სარანდის არსენალში, სან ლორენსოში, კატანიასა და ხარკოვის მეტალისტში ითამაშა, არგენტინის ნაკრებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები