Thumbnail

NJ.com წერს, რომ სანდრო მამუკელაშვილს უახლოეს ორ მატჩში NCAA-ს ტოპ გუნდებთან, რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონთან (მე-17 კოლეჯთა ლიგის რეიტინგში) და ვილანოვასთან (მე-3) უდიდესი მოტივაცია ექნება - მის თამაშებს დედა დაესწრება, რომელიც ახლახან ჩავიდა საქართველოდან აშშ-ში. 

"მარიანა ოკლი, როგორც წესი, მაღვიძარას ძალიან ადრიანი დილისთვის აყენებს, რადგან თბილისსა და აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს შორის დროში სხვაობა 9 საათია. თუკი მას სურს მისი შვილის თამაში NCAA-ში ლაივში ნახოს, ძალიან ადრე, დილის 4 საათისთვის უნდა ადგეს",- წერს გამოცემა. 

"დილაუთენია საქართველოში სანდროს თამაშს კომპიუტერში ვუყურებთ, რადგან NCAA-ს საქართველოში არც ერთი ტელევიზია არ აჩვენებს. თამაშის დროს ძალიან ვნერვიულობ. სწორედ ამიტომ მე და სანდროს მამა ზურაბი ცალ-ცალკე ვუყურებთ თამაშს. ჩვენთვის ასე უკეთესია, რადგან ემოციურად ძალიან განსხვავებურად აღვიქვამთ ყველაფერს", - ამბობს სანდროს დედა NJ.com-თან ინტერვიუში.

სანდრო დედასთან ერთად

მარიანა ოკლი აშშ-ში გასულ კვირას ჩავიდა და იქ თებერვლის ბოლომდე დარჩება. ის სტუმრობს დას, ეთერი ანჯაფარიძეს, რომელიც მანჰეტენზე ცხოვრობს და NYU-ში მუსიკასა და საშემსრულებლო ხელოვნებას ასწავლის. 

სანდრო ამბობს, რომ დედის დასწრება ამ თამაშებზე მისთვის ემოციური სტიმულია. 2 იანვარს მან დიდებულად ითამაშა ბატლერის წინააღმდეგ და გამარჯვება დედას მიუძღვნა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. 

"ის ყველაფერია ჩემთვის. დედა იშვიათად თუ ახერხებს ჩემს თამაშებზე დასწრებას.  ახლა უკვე კოლეჯში ბოლო სეზონი მაქვს და სულ რამდენიმე თამაში დამრჩა კარიერაში აქ. ჩემთვის ისიც დიდი სტიმული იქნება, როცა გავიხედავ ტრიბუნაზე და მას დავინახავ", - ამბობს სანდრო.

შარშან სანდროს სეზონის ფინალურ მატჩს დედა და მამა დაესწრნენ, თუმცა სეტონ ჰოლს პლეი ოფში თამაში აღარ დასცალდა, პანდემიის გამო "მარტის სიგიჟე" გაუქმდა. ახლა ოჯახი აპირებს აინაზღაუროს ის, რაც პანდემიის გამო ვერ შეძლეს - ისინი ესტუმრებიან მანჰეტენზე ცნობილ ქართულ რესტორანს. 

"ვგეგმავთ, ერთი-ორჯერ ქართულ რესტორანს ვესტუმროთ. ბოლო თვეები დედა ძალიან მენატრებოდა და ახლა მსურს, ერთი-ორი საღამო ერთად გავატაროთ", - ამბობს სანდრო.

მამუკელაშვილის ოჯახში კალათბურთის დიდი ტრადიცია არსებობს, მისი ბებია ირა გაბაშვილი კალათბურთის ვარსკვლავი იყო. 

"მისი თამაში არასდროს მინახავს, როცა ის გარდაიცვალა, დაბადებულიც არ ვიყავი. ის საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო, ამიტომაც მართლაც ძალიან კარგი კალათბურთელი იყო", - ამბობს სანდრო.

კალათბურთს სანდროს მამაც თამაშობდა და მამიდაც: "ამ ოჯახში კალათბურთის სიყვარული ძალიან დიდია", - ამბობს მარიანა ოკლი.

"ის, რა თქმა უნდა, დადგება დრაფტზე. ასე რომ, კოლეჯთა ლიგაში მისთვის ყოველ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როგორ წარმოაჩენს თავს, როგორ დაეხმარება გუნდს. ჩვენი სურვილია, რომ ის მუმდივად განვითარდეს, მხოლოდ NBA-ში მოხვედრა არ არის მიზანი".

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი ამ სეზონში სეტონ ჰოლის ლიდერია. ის საშუალოდ 18.4 ქულას, 7.0 მოხსნას და 3.3 პასს აკეთებს. სეტონ ჰოლი კრეიტონს 28 იანვარს (04:00 თბილისის დროით) უმასპინძლებს, ხოლო ვილანოვას - 31-ში (00:00 სთ.).

კომენტარები

ბოლო ამბები