Thumbnail
  • ალმერია v საბადელი: საფეხბურთო ექსპერტების დასკვნა ცნობილია
  • წესი ნომერი 12, რომელიც მსაჯს 'გამორჩა'

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მატჩი საბადელთან ალმერიასა და საქართველოს ნაკრების გოლკიპერ გიორგი მაკარიძისთვის უიღბლო გამოდგა. მას ჯერ ავტოგოლი ჩაუთვალეს, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი სკადალურ ეპიზოდში გაეხვა.

ალმერია 2:1-ს იგებდა, გიორგის ბურთი თამაშში შეჰყავდა, როცა ბალახზე ფეხი აუცურდა და უნებურად, მას ორჯერ შეეხო. არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა და ანდალუსიურმა კლუბმა ორი ქულა დაკარგა - 2:2

📺 გიორგი მაკარიძის ეპიზოდი საბადელთან

როგორც ესპანურმა მედიამ ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ დაადგინა, შეხვედრის არბიტრმა ოკონ არაისმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ალმერიას კარში თავისუფალი დარტყმა დანიშნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას 2019 წელს მიღებული ახალი წესი არ სცოდნია, რის გამოც სტუმართა გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა. 

ოკონ არაისი მე-16 წესის თანახმად მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც: "თუ ბურთი თამაშშია, მასზე შეხება აღარ შეუძლია იმ ფეხბურთელს, ვინც ის თამაშში შეიყვანა, სანამ მას სხვა ფეხბურთელი არ შეეხება. თუ ეს წესი დაირღვა, ინიშნება არაპირდაპირი თავისუფალი დარტყმა დარღვევის წერტილიდან".

ამ ეპიზოდში წესს საბადელის ორი ფეხბურთელი არღვევს

ალმერიას მოთამაშეების კამათმა შედეგი არ გამოიღო - მსაჯმა ანდალუსიელებს აუხსნა, რომ წესი შეიცვალა, თუ ადრე ასეთ დარღვევაზე (თუნდაც უნებურზე) ბურთი თამაშში ხელმეორედ შეჰყავდათ, ახლა მეტოქის გუნდის სასარგებლოდ თავისუფალი დარტყმა ინიშნება. 

📺 ალმერია V საბადელი

მაგრამ არსებობს მე-12 წესი, რომელიც ფიფამ 2019 წელს დაამტკიცა. ამ წესის თანახმად: "თუ დამცველი გუნდი ქმნის ცოცხალ კედელს სამი ან მეტი ფეხბურელისგან, მაშინ შემტევი გუნდის ფეხბურთელები ამ კედლიდან, სულ მცირე, 1 მეტრის მანძილზე უნდა განლაგდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება არაპირდაპირი თავისუფალი დარტყმა". 

"ესტადიო დე ლოს ხუეგოსზე" ეს წესი აშკარად დაირღვა - კარის ხაზზე განლაგებულ ცოცხალ კედელთან საბადელის ორი ფეხბურთელი იყო განლაგებული საჭირო დისტანციაზე ნაკლები მანძილით. ანუ წესს ერთბაშად ორი შემტევი არღვევდა. როგორც ხედავთ, თავისუფალი დარტყმა პირიქით უნდა დანიშნულიყო - ალმერიას სასარგებლოდ. შესაბამისად, ხუან ერნანდესის გოლიც არ უნდა ჩათვლილიყო. მსაჯს წესები კარგად რომ სცოდნონდა, ქართველი მეკარე თავისი უნებური შეცდომის გამო არ დაისჯებოდა და არც ალმერია დაკარგავდა ორ ქულას.  

გიორგი მაკარიძე ყოველ მეორე თამაშში კარს მშრალად ინახავს

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ ალმერიას, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს, 42 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უკავია. გიორგი მაკარიძემ ესპანური გუნდის ღირსება ჩემპიონატის 14 მატჩში დაიცვა, გაუშვა 10 გოლი, 7 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა. 

კომენტარები

ბოლო ამბები