Thumbnail
  • 📅 26 იანვარი | ⌚ 23:45 | ⚽ ინტერი V მილანი
  • ინტერი და მილანი თასის ნახევარფინალისთვის იბრძოლებენ
  • ორივე გუნდს კარგი სეზონი აქვს, მაგრამ ბოლო დროს არასტაბილურობა დაეტყოთ
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის თასის 1/4 ფინალში სუპერდუელია - სეზონის მეორე ‘დერბი დელა მადონინა’!

მილანი და ინტერი წელს კარგ ფორმაში არიან, 'სკუდეტოსთვის' იბრძვიან და, რა თქმა უნდა, იტალიის თასზეც უარს არ იტყვიან. თუმცა, ისიც ნათელია, რომ სერია A-სთან შედარებით, სათასო ბატალიები ოდნავ ჩრდილშია.

ინტერი ნომინალური მასპინძელი იქნება, მაგრამ ახლა, როდესაც სტადიონები ცარიელია, ამას ფორმალური მნიშვნელობაც აღარ აქვს. ინტერმა წინა ეტაპზე ფლორენციის ფიორენტინა დამატებით დროში რომელუ ლუკაკუს 119-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა (2:1). გაუჭირდა მილანსაც, რომელმაც მერვედფინალში ტორინოს ბარიერი მხოლოდ პენალტების სერიით დაძლია.

სხვათა შორის, 2021 წელი ორივე გუნდმა არადამაჯერებლად დაიწყო. ინტერმა სერია A-ში ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა (2 ფრე, 1 წაგება), ხოლო მილანი ბოლო 4 ტურში 2-ჯერ დამარცხდა - მაშინ, როცა მანამდე მთელი სეზონი არ აგებდა. მიუხედავად ამ ჩავარდნისა, სერია A-ს სატურნირო ცხრილს სწორედ მილანელები ლიდერობენ. ზამთრის ჩემპიონი მილანი გახდა (მიუხედავად ატალანტასთან შერცხვენისა 0:3), ინტერი კი მას 2 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ეს სერია A-ს ვითარებაა, რასაც იტალიის თასთან ცხადია, კავშირი არ აქვს.

მეოთხედფინალში მოსალოდნელია, რომ სტეფანო პიოლიც და ანტონიო კონტეს შემადგენლობაში კორექტივებს შეიტანენ და როტაციას მიმართავენ. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია, რადგან საშინლად მჭიდრო კალენდარია და ფეხბურთელების ძალების დაზოგვა საჭიროა. მაგრამ მცირე დოზით, რადგან დერბის ფასი ნებისმიერ ტურნირზე დიდია. მილანის დანაკლისი ამ მატჩის წინ უფრო სერიოზულია: ჰაქან ჩალჰანოღლუს ისევ კორონავირუსი აქვს, ისმაელ ბენასერს ტრავმა, ხოლო ჯანლუიჯი დონარუმას დისკვალიფიკაცია, რადგან წინა ეტაპზე ტორინოსთან სათადარიგო სკამიდან გააძევეს. ინტერში მსგავსი სახის პრობლემები არ არის.

ამ სეზონის პირველი მადონინას ბედი ზლატანის დუბლმა გადაწყვიტა

გამარჯვებულის ვინაობას ეს ერთი მატჩი გაარკვევს და ფრის შემთხვევაში დამატებით დრო დაინიშნება, საჭიროების შემთხვევაში კი - პენალტების სერია. ნახევარფინალში ინტერი-მილანის წყვილში საუკეთესო სავარაუდოდ იუვენტუსს დაუპირისპირდება. ყოველ შემთხვაში, ანდრეა პირლოს გუნდი 1/4 ფინალში სერია B-ს ბინადარ სპალ-ს ხვდება და აშკარა ფავორიტია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება იტალიის თასზე 25-ე მილანური დერბი. 10 მატჩი "როსონერიმ" მოიგო, 7 - "ნერაძურიმ" და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ინტერსა და მილანს შორის იტალიის თასზე ბოლო 5 თამაში ყველა მეოთხედფინალში გაიმართა.

⚽ ოქტომბერში 2:1 მოგების შემდეგ, მილანს შანსი აქვს, 2011 წლის შემდეგ პირველად მოიგოს ზედიზედ მეორე 'დერბი დელა მადონინა' (მაშინ ჩემპიონატსა და იტალიის სუპერთასზე).

⚽ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, ინტერს იტალიის თასზე დამატებითი დრო არ უთამაშია. მაშინ ზედიზედ ორ ეტაპზე მოუწია ეს (პერდენონესთან და მილანთან).

⚽ ინტერი შარშანდელ იტალიის თასს ნახევარფინალში ნაპოლისთან მარცხით გამოეთიშა, როდესაც შინ 0:1 წააგო. ნერაძურის იტალიის თასზე ზედიზედ ორი საშინაო მატჩი 1980 წლის შემდეგ არ წაუგია (იუვენტუსთან და პალერმოსთან).

⚽ ბოლო სამ სეზონში მილანმა იტალიის თასის ნახევარფინალში გასვლა შეძლო. როსონერის უკეთესი სერია 2001-2004 წლების შემდეგ არ ჰქონია.

⚽ ბოლო რვა მილანურ დერბიში ყველა ტურნირზე ერთადერთი ფრე დაფიქსირდა (5 მოგება ინტერს, 2 მილანს). 2018 წლის აპრილში მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

⚽ მილანი შეიძლება პირველი გუნდი გახდეს, რომელსაც რომელუ ლუკაკუ ზედიზედ 4 მატჩში გოლს გაუტანს ინტერის მაისურით. წინა სამ მატჩში ბელგიელმა დერბიში თავი სამჯერ გამოიჩინა.

⚽ მილანის მაისურით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე მეტი გოლი ინტერს გაუტანა - 6 მატჩში 7 გოლი.

⚽ მარიო მანჯუკიჩმა თავის იტალიურ კარიერაში ინტერს 1 გოლი გაიტანა, 2018 წლის დეკემბერში იუვენტუსის მაისურით და ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა (1:0).

⚽ ინტერისა და მილანის ბოლო 5 მატჩიდან შავ-ლურჯებმა 4 მოიგეს (ზედიზედ), ხოლო ერთხელ შავ-წითლებმა იმარჯვეს (ბოლო დაპირისპირებაში).

⚽ ამ ხუთ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანის ბოლო ხუთ მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ინტერის ბოლო ხუთ მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანისა და ინტერის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა იტალიის თასზე: 24 თამაში, 7 მოგება ინტერს, 7-ჯერ ფრე და 10-ჯერ მილანმა მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი - ჰაკიმი, ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი, დარმიანი - ლუკაკუ, სანჩესი

მილანი (4-2-3-1): ტატარუშანუ - დალოტი, კიაერი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი - ტონალი, კესიე - საელემაკერსი, დიასი, მანჯუკიჩი - იბრაჰიმოვიჩი
დისკვალიფიკაცია, ტრავმა და კოვიდინფიცირებული: ბენასერი, დონარუმა, ჩალჰანოღლუ

კომენტარები

ბოლო ამბები