Thumbnail
  • 'აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც 'შემოდგომის ერთა თასზე' ითამაშა'
  • 'ბორჯღალოსნების' გაფართოებული შემადგენლობა იანვრის ბოლოს დასახელდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15:00 საათზე გამართავს, ხოლო თუ რომელ სტადიონზე შედგება თამაში, უახლოეს დღეებში გაირკვევა. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ის კი ცნობილია, რომ მატჩზე ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს “შევარდენზე” შეუდგა, უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება. სასელექციო შეკრებაზე ლევან მაისაშვილმა 22 მორაგბეს უხმო, თუმცა ვინ მოხვდება ამ მორაგბეებიდან რუსეთთან გასამართი მატჩის წინა შეკრებაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა:

ლევან მაისაშვილი: “სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან, დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები. მზადება რთულ პირობებში გვიწევს. გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც “შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. გვსურს ვნახოთ როგორ გამოავლენს გუნდი პოტენციალს შეტევაში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სულ სამი აქტივობა გვაქვს და ეს პერიოდი შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ“.

7 თებერვლიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება კალენდარი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია.

თბილისის ჯგუფის სასელექციო შეკრებაზე გამოძახებული არიან

შერკინება: ჯაბა ბრეგვაძე (2), გიორგი ჭყოიძე (2), ნოდარ ჭეიშვილი (4-5), იოსებ გუშარაშვილი (4-5), მიხეილ გაჩეჩილაძე (6-8), ნიკა სუხაშვილი (6-8), გიორგი თხილაიშვილი (6-7).

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (9), ლუკა მატკავა (10), გიორგი ბაბუნაშვილი (10), ლაშა ხმალაძე (10-15), დემე თაფლაძე (12-13), მერაბ შარიქაძე (12), ლაშა ლომიძე (12), სანდრო მამამთავრიშვილი (13), ალექსანდრე თოდუა (11, 14), აკა ტაბუცაძე (11, 14), მირიან მოდებაძე (11, 14, 15), თემურ კოხოძე (11, 14), სანდრო სვანიძე (11, 14), დავით ნინიაშვილი (15), სოსო მათიაშვილი (15).

კომენტარები

ბოლო ამბები