Thumbnail
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა
  • მომავალი სეზონისთვის ძირითადი ცვლილება ლიგა 3-სა და ლიგა 4-ს შეეხო

25 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც ეპიდვითარების გათვალისწინებით, სხვადასხვა საკითხებზე ონლაინ-რეჟიმში იმსჯელეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, მომავალი სეზონისთვის ძირითადი ცვლილება ლიგა 3-სა და ლიგა 4-ს შეეხო. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი – 20.

ეროვნული ლიგისა და ეროვნულ ლიგა 2-ის გუნდების ინიციატივით აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2021 წლის სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში, გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშეს შეადგენს. ლიგებში მონაწილე გუნდების რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, 2021 წლის სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგების ფორმატის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

ამას გარდა, აღმასკომზე იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში 2020 წელს განხორციელდა. განხილვა შეეხო 2021 წელს დაგეგმილ პროექტებს და ამ პროექტებში ფიფასა და უეფას ჩართულობასაც. აღმასკომის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაში დასახმარებლად ფეხბურთის ფედერაცია უეფას მიმართავს, ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაა. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების აკადემიის მშნებელობა იგეგმება, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან, ტრიბუნებთან და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ორ ბუნებრივ და ორ ხელოვნურ საფარიან მოედანს მოიცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები