Thumbnail
  • ედინ ჯეკოს კაპიტნობა ჩამოართვეს და აღარ ათამაშებენ
  • ბოსნიელი თავდამსხმელი მხოლოდ გრანდში გადავა
  • ინტერმა რომას, შესაძლოა, ერიკსენი შესთავაზოს

რომაში ქაოსი გრძელდება. ახალი ინფორმაციით, ედინ ჯეკოს ‘ჯალოროსიდან’ წასვლა რეალურია. 34 წლის გოლეადორმა რომაელთა მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას ტაქტიკა და გუნდის მართვის სტილი მკაცრად გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას კლუბის ხელმძღვანელებმა კაპიტნობა ჩამოართვეს და ბოსნიელი ფორვარდი გუნდის განაცხადშიც აღარაა. ‘ჯალოროსიმ’ შაბათს სპეციას მის გარეშე მოუგო (4:3). ჯეკოს არყოფნაში, ბორხა მაიორალმა დუბლი შეასრულა.

ჯეკოს რომაში დარჩენა უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც რომაელებისთვის 242 მატჩში 114 გოლი აქვს გატანილი, მხოლოდ გრანდში გადასვლის ვარიანტს განიხილავს, სუსტ კლუბში ტრანსფერი კი მის ინტერესებში არ შედის.

ედინ ჯეკო რომას კაპიტანი აღარ არის და ტრიბუნაზე გადაინაცვლა

გასულ ზაფხულს ძალიან რეალური იყო ჯეკოს ტრანსფერი იუვენტუსში, თუმცა გარიგება ვერ შედგა, ტურინელებმა კი ბოლოს ალვარო მორატა გადაიბირეს. ჯეკოს შეძენა ასევე მილანის ინტერსაც სურდა. მილანელთა მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მისი გადაბირება ჯერ კიდევ უნდა. იტალიური მედია წერს, რომ შესაძლოა, ინტერმა და რომამ ჯეკო და კრისტიან ერიკსენი გაცვალონ.

იტალიის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ რომა 37 ქულით მე-3 ადგილზეა და ჯერ კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვის. ფონსეკას გუნდი ლიდერ მილანს 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს რომა 31 იანვარს, ვერონასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები