Thumbnail

'ამ ეპიზოდს სამსაჯო კურსებზე გამოიყენებენ' - გიორგი მაკარიძის იშვიათი შეცდომა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის შეხვედრა გიორგი მაკარიძისთვის უიღბლო გამოდგა. საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარის გუნდმა ალმერიამ საკუთარ მოედანზე საბადელი მიიღო და ქულები დაკარგა (2:2), რაშიც უდიდესი წვლილი მაკარიძეს მიუძღვის.

არადა, მასპინძლები ანგარიშში წინ ორჯერ იყვნენ, მაგრამ გიორგიმ ჯერ ავტოგოლი მიითვალა, თამაშის მიწურულს კი, ბურთი თამაშში სწორად ვერ შეიყვანა და არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა. შედეგად, საბადელმა გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

არბიტრს ფეხბურთელებისთვის წესის ახსნა მოედანზე მოუხდა

უფრო დეტალურად კი, ალმერია 38-ე წუთზე სამუელ კოშტას გოლით დაწინაურდა. 66-წ წუთზე სტუმრებმა მას შემდეგ გაათანაბრეს, რაც ოსკარ რუბიომ ბურთი მაკარიძის კარისკენ თავით გაგზავნა. ისე გამოვიდა, რომ ქართველმა მეკარემ ბურთი ვერ მოიგერია და ავტოგოლი ჩაუთვალეს. მთავარი ეპიზოდი კი მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მოხდა. ალმერია ანგარიშით 2:1-ს იგებდა. გიორგის ბურთის თამაშში შეყვანა სურდა, მაგრამ ბალახზე ფეხი აუცურდა და დარტმა მეორე შეხებით მოახერხა, რაც წესების დარღვევაა. არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა, გარსია ერნანდესს კი გატანა არ გასჭირდებია.

📺 ალმერია V საბადელი

ალმერიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე გომესმა მატჩის შემდეგ განაცხადა: 

"წესების თანახმად, მოთამაშეს, რომელსაც კარიდან ბურთი თამაშში შეყავს, არ აქვს ბურთთან ორჯერ შეხების უფლება, მაგრამ მაკარიძეს ეს განზრახ არ გაუკეთებია, რადგან ფეხი გაუცურდა. ამ ეპიზოდს ალბათ სამსაჯო კურსებზე განიხილავენ და მსოფლიო ფეხბურთში მაგალითად გამოიყენებენ, მე მსგავსი რამ არასდროს მინახავს". 

არბიტრებთან შეკითხვები ალმერიას მწვრთნელს ხოსე გომესსაც ჰქონდა

გიორგი მაკარიძის თანაგუნდელმა ხოსე კორპასმა კი არ დამალა, რომ ამ წესის შესახებ მისთვის უცნობი იყო: 

"ჩვენ ეს წესი არ ვიცოდით. ძველი წესის თანახმად, თუკი მეკარე ბურთს ორჯერ შეეხებოდა, დარტყმა ხელმეორედ უნდა შეესრულებინა, მაგრამ მსაჯმა გვითხრა, რომ წესი შეიცვალა და ახლა მეტოქის სასარგებლოდ თავისუფალი დარტყმა ინიშნება". 

ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ ალმერიას, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს, 42 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უკავია. გიორგი მაკარიძემ ესპანური გუნდის ღირსება ჩემპიონატის 14 მატჩში დაიცვა, გაუშვა 10 გოლი, 7 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა. 

კომენტარები

ბოლო ამბები