Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედი 3:2 ლივერპული
  • მერსისაიდელებს ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვთ

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ლივერპული კრიზისშია. იურგენ კლოპის პერიოდში "წითლებს" ყველაზე ცუდი მომენტი უდგათ და ეს იოლი შესამჩნევია. ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედთან 2:3 წააგო და ინგლისის ასოციაციის თასს 1/16-ფინალში გამოეთიშა.

რა თქმა უნდა, მერსისაიდელების გეგმებში თასის გათამაშებაში ასე ნაადრევად მარცხი არ შედიოდა, მაგრამ დღეისთვის მანჩესტერი გაცილებით კარგ ფორმაშია. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მის გუნდს გამარჯვება ძალიან უნდოდა.

"ოლდ ტრაფორდზე გამარჯვება თუ გსურს, უმაღლესი დონე უნდა აჩვენო და ჩვენ ეს არ გამოგვივიდა. შეგვიძლია, ასეთი თამაშებიდან ბევრი რამ ვისწავლოთ. მატჩმა სალაჰისთვის კარგად ჩაიარა, რაც მისი თავდაჯერებულობისთვის კარგია. რთული თამაში იყო, ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. როდესაც იგებ და შემდეგ მარცხდები, ხარვეზებს ამჩნევ, თუმცა ბიჭებს მოგება ნამდვილად სურდათ. კონტრშეტევებთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში კარგი მატჩი იყო. ცხადია, ეს შედეგი არ არის ის, რაც გვსურდა, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშში პოზიტიური ნიშნებიც იყო", - თქვა კლოპმა.

მატჩის ბედი ბრუნო ფერნანდეშმა გადაწყვიტა

ლივერპულმა ბოლო 7 მატჩიდან ერთადერთი მოიგო, ისიც ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში ბირმინგემის ასტონ ვილასთან (4:1), როდესაც მეტოქემ კორონავირუსის პანდემიის გამო, აკადემიის გუნდი ითამაშა. ასე რომ, შეიძლება ეს გამარჯვება იურგენ კლოპის გუნდის აქტივს არც მივაწეროთ. საგულისხმოა, რომ გერმანელის მწვრთნელობის პერიოდში "წითლები" ინგლისის ასოციაციის თასზე მერვედფინალს არ გაშორებულან.

ძნელი სათქმელია რამ გამოიწვია ლივერპულის ასეთი მოულოდნელი ვარდნა, მაგრამ გუნდს განსაკუთრებით შეტევაში უჭირს. სათასო მატჩებს თუ არ ჩავთვლით, პრემიერლიგაში ბოლო 4 ტურში გოლი არ გაუტანია. რაც მთავარია, ლივერპულელებმა პრემიერლიგაში პოზიციები საგრძნობლად დათმეს, წინ ურთულესი კალენდარი აქვთ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიც კარსაა მომდგარი.

📺 მანჩესტერი 3:2 ლივერპული [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები