Thumbnail

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდი თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე ვარჯიშობს და მთავარი აქცენტი ამ ეტაპზე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე კეთდება. ბათუმელები მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს თბილისში გაივლიან და თურქეთში წასვლამდე სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

დინამო ბათუმის ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე

🔵⚪ დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება, გუნდის ლიდერები დასახულ მიზნებზე საუბრობენ. FC Dinamo Batumi | #FCDB

Posted by popsport on Monday, January 25, 2021


აჭარული კლუბი ახალ სეზონს ბევრი ახალი ფეხბურთელით ხვდება. დინამო ბათუმმა სატრანსფერო პერიოდში დაიმატა ოლეკსანდ აზაცკილაზარე კუპატაძევამარა სანოგოგიორგი ზარიარაფაელ ჩუკვურასანდრო ალთუნაშვილიგრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი ფანცულაია. გარკვეულწილად ახალწვეულივითაა ლევან გეგეჭკორი, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო ზაფხულის შემდეგ აღარ უთამაშია. გეგეჭკორი გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება.

გია გეგუჩაძემ ახალი სეზონისთვის გუნდის მომზადება დაიწყო

მოსამზადებელი ეტაპის, გუნდში შექმნილი ატმოსფეროსა და ახალწვეულების შესახებ ფეხბურთელებს და გუნდის სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილს ვესაუბრეთ. ვლადიმერ მამუჩაშვილი ფიქრობს, რომ ყველა ფეხბურთელი ნორმალურ ფიზიკურ კონდიციაშია და იმედოვნებს, რომ ახალი სეზონი უპრობლემოდ ჩაივლის.

"მოსამზადებელი ეტაპი 14 იანვარს დავიწყეთ. ძირითადი დრო ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა. ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით ვართ. ტესტებზეც ვაჩვენეთ, რომ ფიზიკური მდგომარეობა გუნდში ნორმალურია. პირველ რიგში იმედია, რომ პანდემია ხელს ისევ არ შეგვიშლის. მოგვიწევს ახალ სტადიონზე, კარგ მინდორზე თამაში და ვიმედოვნებ, გულშემატკივრებსაც დაუშვებენ. გუნდი გაძლიერდა და მიზანი უცვლელია - ჩემპიონობა", - გვითხრა მამუჩაშვილმა.

მამუჩაშვილი (N17) იმედოვნებს, რომ პანდემია დინამო ბათუმს ხელს აღარ შეუშლის

დინამო ბათუმის კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელის, გიული მანჯგალაძის აზრით, ახალწვეულები გუნდს გააძლიერებენ, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ერთმანეთში უკეთ შეთამაშდებიან:

"მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ კარგად, დატვირთებით მიმდინარეობს. ორჯერადი ვარჯიშებიც გვაქვს და პირადად მეც თავს კარგად ვგრძნობ. შესვენების დროს არ გავჩერებულვარ, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი და ფიზიკური კონდიციები შევინარჩუნე. ასე ვთქვათ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რამდენიმე დღეა, რაც ახალწვეულები მოვიდნენ. შეთამაშებაზე ჯერ ადრეა საუბარი, ამხანაგური მატჩებიც არ გვქონია. ახლა გვექნება თბილისში სამი სპარინგი და შემდეგ თურქეთში. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და გუნდს გააძლიერებენ. დანარჩენი უკვე მომავალში გამოჩნდება და იმედია, გუნდთან ადაპტაციას მალე გაივლიან", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

'არ მინდა, ერთი ხელის მოსმით დაიკარგოს ის შრომა, რაც ამ გუნდში ჩავდე' - ჯაბა ჯიღაური

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური ახალ სეზონსაც დინამო ბათუმში გაატარებს. გამოცდილმა ნახევარმცველმა სეზონის წინ ზღვისპირელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და როგორც თავად აღნიშნა, სურს, რომ საქართველოს ჩემპიონი გახდეს: "დინამო ბათუმში წელიწადნახევარია ვარ და ის შრომა, რაც ამ გუნდში ჩავდე, არ მინდა, ერთი ხელის მოსმით დაიკარგოს. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ბევრი რამ ვისწავლე კიდეც. ვფიქრობ, რომ ახალ სეზონში ჩემპიონობის ერთ-ერთი პრედენტები ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ჯიღაური.

ოლეკსანდრ აზაცკი, გრიგოლ ჩაბრაძე და ჯაბა ჯიღაური

ჯაბამ მოსამზადებელი ეტაპისა და დინამო ბათუმის ახალწვეულებზეც ილაპარაკა. ის ფიქრობს, რომ შარშანდელთან შედარებით, შემადგენლობა გაძლიერდა: "მოსამზადებელი ეტაპი ახალი დაწყებულია და საკმაოდ კარგად მიდის. ორჯერადი ვარჯიშები და ძლიერი დატვირთვები გვაქვს. ჯერჯერობით ფრომაში არ ვართ და ლოგიკურია, რომ ვერც ვიქნებით. გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში ვინც თავი გამოიჩინა, თითქმის ყველა ფეხბურთელი დავიმატეთ, საკმაოდ გავძლიერდით, ხარისხიანი მოთამაშეები გვყავს და შარშანდელთან შედარებით ნამდვილად უკეთესი გუნდი ვართ. იმედიანად ვართ განწყობილი და დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს", - განაცხადა ჯაბამ.

პოპსპორტი დინამო ბათუმის სპორტულ დირექტორ ლადო დვალიშვილსაც გაესაუბრა. მოგეხსენებათ, ლადომ საფეხბურთო კარიერა დეკემბერში დაასრულა და ახლა დინამოში ახალ ამპლუაში მუშაობს. სწორედ მის სახელს უკავშირდება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული ფეხბურთელები. მათ შორის ვამარა სანოგო, რომელიც ბოლოს ვარშავის ლეგიაში თამაშობდა.

'სანოგო კლასიკური ცენტრფორვარდია - შედარებისთვის, მისი თამაშის სტილი რომელუ ლუკაკუს სტილს წააგავს' - ლადო დვალიშვილი

"სანოგოს პოლონეთიდან ვიცნობ, სადაც თავისი მაქსიმუმი აჩვენა და ლეგიამ შეიძინა, მაგრამ იქ ტრავმებმა ხელი შეუშალა. ვფიქრობ, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ამ ეტაპზე ფორმის აღდგენას და ჩვენს დახმარებას ეცდება. მისი ძალიან დიდი იმედია მაქვს, მთავარია ჯანმრთელად იყოს. სანოგო კლასიკური ცენტრფორვარდია - შედარებისთვის, მისი თამაშის სტილი რომელუ ლუკაკუს სტილს წააგავს", - თქვა ფრანგი ფორვარდის შესახებ ლადომ.

კიდევ ერთი საინტერესო ახალწვეული ავსტრიელი ლუკას გროცურეკია, რომელიც უკვე საქართველოშია, თუმცა გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. დვალიშვილს გრაცის შტურმის ყოფილი გარემარბისაც ეიმედება და თქვა, რომ ძალიან კარგი და ათლეტური შემტევია, რომელსაც გოლების გატანაც ეხერხება.

"გროცურეკი ჩამოვიდა, ამჟამად კარანტინში იმყოფება, ხვალ შემოგვიერთდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდთან ერთად მზადებას დაიწყებს. მასზე, როგორც ყველა ახალწვეულზე, დიდ იმედებს ვამყარებთ. შეტევაში ძალიან კარგია, ათლეტურია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მოლოდინს გაამართლებს. რაც შეეხება სხვა ტრანსფერებს, 99%-ით გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია", - დასძინა დვალიშვილმა.

თურქულ შეკრებამდე, ბათუმელები თბილისში 3 ტესტ-მატჩს გამართავენ

ლადოს გუნდის მოსამზადებელ პერიოდსა და თურქეთში დაგეგმილი შეკრების შესახებაც ვკითხეთ, რაზეც მისი პასუხი ასეთი იყო: "მზადება ჩვეულ რიტმში დავიწყეთ, 3 ამხანაგური თამაში გვაქვს თურქეთში წასვლამდე დაგეგმილი და შემდეგ ბელეკში გავაგრძელებთ მზადებას. ჩვენი გუნდის უფროსი დავით ყენია მუშაობს ამ თემაზე. როგორც მე ვიცი, 3 ამხანაგური თამაში უკვე დაგეგმილია. მთლიანობაში გვინდა, რომ 5, მაქსიმუმ 6 სპარინგმატჩი ჩავატაროთ. რაც შეეხება ახალ სეზონს: ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასის მოგება და ევროტურნირებზე კარგი გამოსვლაა - მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვაქვს დასახული", - თქვა მან.

'ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასის მოგება და ევროტურნირებზე კარგი გამოსვლაა' - ლადო დვალიშვილი

ბოლოს ლადოს საკუთარი მუშაობის შეფასება და ფეხბურთელობასთან ახალი როლის შედარება ვთხოვეთ, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, საკუთარ თავზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ რომელი უფრო ადვილი იყო, ეს მომავალში გამოჩნდება: "ჩემს თავზე საუბარი ძალიან არ მიყვარს და უმჯობესია, სხვამ ილაპარაკოს. რაც შეეხება შედარებას: ჯერ ახლა დავიწყე ეს საქმე და ძნელია ამაზე ლაპარაკი, დრო რომ გავა, გეტყვით, რომელი უფრო ადვილი იყო და რომელი - ძნელი", - გვითხრა დვალიშვილმა.

დინამო ბათუმის მთავარი ტრანსფერი ალბათ მაინც 25 წლის ვამარა სანოგოა, რომელიც საქართველოს ვიცე-ჩემპიონს ვარშავის ლეგიადან შეუერთდა. სანოგოს პოლონეთში კარგი კარიერია ჰქონდა, მაგრამ გასულ სეზონში ტრავმებმა შეაფერხა. ლეგიაში ის ვაკო გვილიასთან ერთად თამაშობდა და როგორც გვითხრა, ვაკოსგან საქართველოს შესახებ უკვე იცოდა:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ჯერ პირველი კვირაა, რაც აქ ვარ და ვიწყებ სიამოვნების მიღებას ფეხბურთით, ყველაფრით. საქართველოს შესახებ აქ ჩამოსვლამდეც ვიცოდი. ვაკო გვილია მომიყვა, რომ ეს ქვეყანა ყველაფრით ფანტასტიკურია და შემიძლია ვთქვა,  რომ მე ნამდვილად კარგ ქვეყანაში ჩამოვედი", - გვითხრა სანოგომ.

ვამარა სანოგო დინამო ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენაძენია

ვამარას ადაპტაციაზე და ბათუმში ახალი ცხოვრების შესახებ ვკითხეთ. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ის დინამო ბათუმში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა და მხოლოდ ამაზეა კონცენტრირებული: "ბათუმი ფანტასტიკური ქალაქია, მაგრამ, მე აქ არა ქალაქის გამო, არამედ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ფეხბურთი ისევ ვითამაშო. გუნდს დავეხმარები და გუნდიც დამეხმარება. სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს თუ დავიკავებთ, შესანიშნავი იქნება", - განაცხადა სანოგომ.


დინამო ბათუმი მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს თბილისში გაივლის და სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს გაგრას (27 იანვარი), თბილისის ლოკომოტივისა (31 იანვარი) და თელავის (1 თებერვალი) წინააღმდეგ. 4 თებერვლიდან 20 თებერვალმდე კი ბათუმელები თურქეთის ქალაქ ბელეკში გააგრძელებენ მზადებას, სადაც ასევე რამდენიმე ტესტ-მატჩი იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები