Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 85:70 ბაქსი მანრესა
  • გიორგი შერმადინმა 29 ქულა მოაგროვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ ბაქსი მანრესას 85:70 სძლია, მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გახდა.

ცნობისთვის, კანარული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში შერმადინი არ ათამაშა და მისმა გუნდმა დანიაში ბაკენ ბეარსთან 78:96 წააგო, ამჯერად კი, დასვენებულმა ქართველმა კალათბურთელმა მორიგი სუპერშედეგიანი მატჩი ჩაატარა.

გიო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:57 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 10 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ გიომ პირველ ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, შესვენების შემდეგ კი შეუჩერებელი იყო: მე-3 ათწუთეულში 15 ქულა მიითვალა, მეოთხეში კი – 10. შერმადინის მოედანზე ყოფნის პერიოდში იბეროსტარმა მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 37-ს გაუტოლდა და დიდი შანსია, ქართველი ცენტრი სრულიად ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს.

იბეროსტარ ტენერიფეს ლიგა ენდესას 20 მატჩში 16 მოგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალს (17 გამარჯვება, 1 მარცხი) ჩამორჩება. ტენერიფელები მომდევნო მატჩს 30 იანვარს ჩაატარებენ, როდესაც შერმადინის ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორას ესტუმრებიან.

📺 შერმადინი მანრესასთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები