Thumbnail

ოლეკსანდრ აზაცკი: დაბრუნებაზე დვალიშვილმა დამითანხმა, ვფიქრობ სწორად მოვიქეცი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა დაცვის ცენტრი გააძლიერა, გია გეგუჩაძის გუნდმა უკრაინელი მცველი ოლეკსანდრ აზაცკი დაიმატა. მან ზღვისპირელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დინამოელის სტატუსით პირველი ინტერვიუ 26 წლის უკრაინელმა პოპსპორტს მისცა.

როგორც აზაცკიმ განაცხადა, დინამო ბათუმში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კლუბის მხრიდან ძლიერი ინტერესი, ასევე მაღალი ამბიციები გახლდათ. უკრაინელი მცველი ბათუმის ახალ სტადიონზე თამაშს მოუთმენლად ელის.

POPSPORT: რატომ გადაწყვიტე დინამო ბათუმში გადასვლა და რა იყო მთავარი მოტივაცია?

ოლეკსანდრ აზაცკი: ჩემმა მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ დინამო ბათუმი იყო დაინტერესებული. შემდეგ ლადო დვალიშვილმა დამირეკა, მას არაერთხელ ვესაუბრე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი კლუბის დამოკიდებულებით და სურვილით. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

აზაცკი თბილისშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს

POPSPORT: როგორ გაიხსენებ საქართველოში გატარებულ პერიოდს, რამდენად საინტერესო და დადებითი ნაბიჯი იყო შენი კარიერისთვის?

აზაცკი: ვფიქრობ, რომ ჩემთვის საქართველოში გატარებული წელი წარმატებული იყო. ევროტურნირებზე და ჩემპიონატში ასპარეზობა ტორპედოსთვის გარკვეულწილად წარმატებული გამოდგა და განსაკუთრებით ჩემთვის. გამარჯვება საქართველოს თასზე, სუპერთასზე და ბევრი წაუგებელი მატჩი - არც ისე იოლი დასავიწყებელია.

POPSPORT: მამუკა კობახიძეს კარგად იცნობ და მასთან დაცვის ცენტრში არაერთხელ გითამაშია. რას იტყვი თქვენს წყვილზე?

აზაცკი: დიახ, მამუკასთან ერთად წყვილში ბევრი თამაში ჩავატარე და მოხარული ვარ, რომ ის ამ გუნდშია, ისევე როგორც გეგეჭკორი, მათთან თამაში ჩემთვის კომფორტულია და ესეც აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზია.

POPSPORT: როგორ ფიქრობ, ადაპტაციის პერიოდი რამდენად უმტკივნეულოდ ჩაივლის?

აზაცკი: შემიძლია მარტივად გავიარო ადაპტაცია. რა თქმა უნდა, ბევრს ვიცნობ ჩემპიონატიდან და ვისთან ერთადაც ვთამაშობდი, კარგად შემხვდნენ. მადლობა მათ!

2018 წელს ტორპედომ თასის ფინალში გაგრა ანგისაზე დაამარცხა
📸 | GFF

POPSPORT: რა იქნება დინამო ბათუმის მიზანი ახალ სეზონში და როგორია შენი ამბიციები?

აზაცკი: აქ გადმოსვლის კიდევ ერთი ფაქტორი კლუბის მაღალი ამბიციებია. როდესაც არსებობს მიზნები და დავალებები, კლუბი იზრდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. დავეხმარებით, როგორც საკუთარ თავს, აგრეთვე კლუბს.

POPSPORT: რა შეიცვალა შენს კარიერაში მას შემდეგ რაც საქართველო დატოვე. რა იყო ამ შუალედში წასვლიდან დაბრუნებამდე?

აზაცკი: ბოლო წელი რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე პროდუქტიული იყო. მუხლზე ოპერაცია გავიკეთე და ბევრი მატჩი გამოვტოვე ზლინიდან ბანიკში დაბრუნებამაც არ მომცა საკმარისი სათამაშო პრაქტიკა. ამიტომ, ამ ზამთარს წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

POPSPORT: ბათუმელ გულშემატკვირებზე თუ გსმენია და რა მოლოდინი გაქვს ახალ სტადიონზე თამაშისგან?

აზაცკი: თუ არ ვცდები, პირველად ბათუმში (ანგისას ბაზაზე) საქართველოს თასის ფინალში ვითამაშე გაგრას წინააღმდეგ და ნამდვილად გაოცებული ვიყავი, თუ რამდენი გულშემატკივი მოვიდა სტადიონზე. შემდეგაც ვხედავდი, რომ ბათუმში უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა თამაშებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია მალე შეიცვლება, რათა გულშემატკივართა მხარდაჭერა კვლავ ვიგრძნოთ. მადლობა გულშემატკივრებს, მათ გარეშე ფეხბურთი სხვანაირია. მახსოვს როგორ აშენებდნენ სტადიონს და ახლა, რაც ვიდეოში ვნახე, გამაოცა! ეს გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ხელმძღვანელობისთვის ფეხბურთი და წვლილი განვითარებაში. ფულის დახარჯვა ისეთი სტადიონების ასაშენებლად, როგორიც ბათუმშია, მხოლოდ სასიამოვნოა და მინდა იქ, რაც შეიძლება მალე ვითამაშო.

ოლეკსანდრ აზაცკი ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაცნობი ფეხბურთელია. 26 წლის ცენტრალურ მცველს ხარკოვის მეტალისტში, დინამო კიევის მეორე გუნდში და ჩერნომორეცში უთამაშია, მიმდინარე სეზონში კი ჩეხური ბანიკის რიგებში გამოდიოდა. გასულ სეზონში ზლინის შემადგენლობაში ჩეხეთის ჩემპიონატში 14 თამაში ჩაატარა. უკრაინელ ფეხბურთელს ქართველი ქომაგი ქუთაისის ტორპედოდან იცნობს, სადაც 2018 და 2019 წლებში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, იგი დაცვის ცენტრში მამუკა კობახიძესთან ერთად თამაშობდა. იმერულ კლუბში აზაცკიმ 50 მატჩში 3 გოლი გაიტანა, თითოჯერ კი საქართველოს თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.


დინამო ბათუმმა ოლეკსანდ ოზაცკიმდე ოფიციალურად დაადასტურა ლაზარე კუპატაძისვამარა სანოგოსგიორგი ზარიასრაფაელ ჩუკვურასსანდრო ალთუნაშვილისგრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას ტრანსფერები.

კომენტარები

ბოლო ამბები