Thumbnail
  • ცსკა 83:89 ფენერბაჰჩე
  • ქართველმა კალათბურთელმა 18 ქულა ჩააგდო

თორნიკე შენგელიას ცსკა-ს ევროლიგაში 12-მატჩიანი წარმატებული სერია ჰქონდა, ბოლო ოთხ ტურში კი 3 მარცხი განიცადა. რუსული გრანდი ამჯერად სტამბოლის ფენერბაჰჩეს დაუხვდა და გუნდთან, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის, 83:89 წააგო.

მატჩში გადამწვეტი უკანასკნელი მეოთხედი გამოდგა, რომელიც მოსკოველებმა 17:26 დათმეს. მარცხი განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა შენგელიასთვის, რადგანაც მას მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჰქონდა. თოკო სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:42 წუთში მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო: 18 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა.

თორნიკე შენგელიას მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ამ მხრივ ის მხოლოდ სერბ ცენტრ ნიკოლა მილუტინოვს (21) ჩამორჩა, რომელმაც 12 ქულას 7 მოხსნა და 2 პასი წაამატა.

სათქმელია ისიც, რომ მატჩის საუკეთესო მომენტად სწორედ ქართველი კალათბურთელის შეტევა აღიარეს, როდესაც მან მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და ის გიგანტ ჩეხ იან ვესელის (სიმაღლე 2.13 მ.) თავზე გადაატენა. სხვა საქმეა, რომ ამ უკანასკნელმა 24 ქულა ჩააგდო და ფრანგ ნანდო დე კოლოსთან (22 ქულა, 9 პასი) ერთად, გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ცსკა-მ 15 მოგებითა და 6 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა, ბარსელონას 1 გამარჯვებით უსწრებს, შემდეგ კი, 13-13 მოგებით ზენიტი, მილანი და რეალი მოდიან. რუსულ კლუბი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს გერმანიაში ბერლინის ალბასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები