Thumbnail
  • 📅 23 იანვარი | ⌚ 21:00 | ⚽ მილანი V ატალანტა
  • მილანმა პირველი წრე ფანტასტიკურად ჩაატარა და ფავორიტია
  • ატალანტა მილანთან კარგად თამაშობს, მაგრამ ორ ტურში ვერ მოიგო
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის ცენტრალური შეხვედრა "სან სიროზე" მილანსა და ატალანტას შორის გაიმართება. წლების წინ რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ მილანი-ატალანტა ტურის მთავარი შეხვედრა ყოფილიყო, რადგან ბერგამოელები მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად თუ იბრძოდნენ და ხშირად ამის გაკეთებასაც ვერ ახერხებდნენ. ახლა კი სხვა სიტუაციაა, ატალანტას ბოლო წლებში ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მიმდინარე სეზონში მილანიც ძველ სიმაღლეს დაუბრუნდა და 'სკუდეტოს' მოგების ალბათ მთავარი კანდიდატია.

ამ შეხვედრით გუნდები პირველ წრეს დაასრულებენ. მილანი 43 ქულით პირველ ადგილზეა და თანაქალაქელ ინტერს 3 ქულით უსწრებს. ატალანტა 33 ქულით იუვენტუსთან ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ჯან პიერო გასპერინის გუნდს იდეალური შანსი ჰქონდა, უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, მაგრამ გასულ ტურში შინ ჯენოას ვერ მოუგო (0:0), ხოლო ოთხშაბათს გამოტოვებულ მატჩში უდინეზეც ვერ დაამარცხა (1:1). არადა, ბერგამოელებს ეს 4 დაუგეგმავი ქულა რომ არ დაეკარგათ, ახლა ძალიან ახლოს იქნებოდნენ მილანთან და გამარჯვების შემთხვევაში 'სკუდეტოზე' სერიოზულ განაცხადსაც გააკეთებდნენ. ზოგადად, ატალანტას სერია A-ში ზედიზედ 9 მატჩია არ წაუგია (5 მოგება, 4 ფრე) და ბოლოს ნოემბერში ვერონასთან დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ მილანს ატალანტასთან თამაში ბოლო პერიოდში ძალიან უჭირს და უკანასკენელ 10 შეხვედრაში ერთხელ სძლია. თუმცა, ის სხვა მილანი იყო და ახლა სხვა მილანია.

2019 წლის 22 დეკემბერს ატალანტამ მილანს 5:0 მოუგო. ამ მატჩის შემდეგ როსონერიმ სერია A-ში მხოლოდ 2 თამაში წააგო

სტეფანო პიოლის გუნდმა იუვენტუსთან სეზონში პირველი თამაში წააგო, მაგრამ მას მერე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა, ორჯერვე 2:0 და უკვე ყველას დაუმტკიცა, რომ მისი წარმატება შემთხვევითობა არ არის, ლოგიკურია და ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია 10 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგება. რაც მთავარია, როსონერიმ პირველი წრე საოცრად ჩაატარა და თან საკადრო პრობლემები არაერთხელ შეექმნა. ახლაც აქვს - ჰაქან ჩალჰანოღლო ისევ კორონავირუსითაა ინფიცირებული, ალესიო რომანიოლის დისკვალიფიკაცია აქვს, ისევე როგორც ალექს საელემაკერსს. სამაგიეროდ, კორონავირუსი დაამარცხეს და გუნდს დაუბრუნდნენ ტეო ერნანდესი, ანტე რებიჩი და რადე კრუნიჩი.

ამავდროულად, მილანმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარას ძალზე ნაყოფიერად იყენებს. გუნდმა უკვე დაიმატა მარიო მანჯუკიჩი, რომელიც განაცხადიშია. როგორც სტეფანო პიოლიმ თქვა, ხორვატი შესანიშნავ კონდიციაში იმყოფება და თამაში უკვე შეუძლია. გარდა ამისა, ლონდონის ჩელსიდან ფიკაიო ტომორის ტრანსფერიც შედგა და სავარაუდოდ, ინგლისელიც თადარიგში იქნება, ხოლო ტორინოდან შეძენილ საყრდენ ნახევარმცველ სუალიჰო მეიტეს დებიუტი წინა ტურში უკვე ჰქონდა. მოკლედ, პაოლო მალდინიმ ნაყოფიერად იმუშავა და მწვრთნელს შემადგენლობა სამივე რგოლში გაუძლიერა.

მილანმა ატალანტას ბოლო 10 თამაშში ერთხელ მოუგო - 2019 წლის თებერვალში სტუმრად 3:1

და, რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი! შვედი ლეგენდა ძირითადში იქნება და გოლების გასატანად მზადაა. იბრას მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ დუბლი შეასრულა, რაც ფანტასტიკური შედეგია.

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანმა სერია A-ს ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო.

⚽ მილანს ამ სეზონში საშუალოდ თამაშში 2,17 გოლი გააქვს, მაგრამ ერთადერთი გუნდია სერია A-ში, რომელსაც 61-დან 75-ე წუთამდე შუალედში ჯერ არ გაუტანია.

⚽ მილანის ბოლო 13 საშინაო მატჩიდან 10-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ატალანტას ამ სეზონში საშუალოდ 2,28 გოლი გააქვს, რაც იტალიაში მეორე შედეგია.

⚽ ატალანტა ნოემბრის შემდეგ დაუმარცხებელია, 7 მატჩი მოიგო და აქედან 6-ში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანა.

⚽ მილანმა ატალანტასთან სერია A-ში ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (6 ფრე, 3 წაგება). 2015/16 წლების სეზონიდან მილანს ატალანტას წინააღმდეგ აქვს ყველაზე ცოტა მოგება იმ გუნდებიდან, რომელსაც მინიმუმ 3-ჯერ შეხვდა (ასევე 1 მოგება ნაპოლისთან).

⚽ 2014 წლის იანვრიდან (კაკას დუბლი და კრისტანტეს გოლი) მილანს შინ ატალანტასთან არ მოუგია (4 ფრე, 2 წაგება).

⚽ გამარჯვებაზე 3 ქულის ეპოქაში მილანი და ატალანტა მე-19 ტურში ერთადერთხელ შეხვდნენ. 2015 წლის იანვარში მილანში ატალანტამ 1:0 მოიგო.

⚽ მილანს ერთადერთი გამარჯვება აშორებს პირველ წრეში თავისი რეკორდის გამეორებასთან. ამ დროისთვის მილანის რეკორდია 20-გუნდიანი ჩემპიონატის ერთ წრეში 14 გამარჯვებაა 1950/51 წლების სეზონში, როდესაც საბოლოოდ სკუდეტო მოიგო.

⚽ 20-გუნდიან ჩემპიონატში ატალანტას საუკეთესო შედეგი პირველ წრეში 35 ქულაა - 2016/17 და 2019/20 წლების სეზონში. ორჯერვე გუნდს ჯან პიერო გასპერინი წვრთნიდა. გამარჯვების შემთხვევაში, ბერგამოელები ამ შედეგს გააუმჯობესებენ.

⚽ მილანს თამაშის პირველ ნახევარ საათში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (15) და ბოლო 12-დან 7 გოლიც ამ მონაკვეთში გაიტანა. ატალანტა 11 გოლით იმავე მონაკვეთში მესამეა (მეორეზეა რომა 12 გოლით).

⚽ სტეფანო პიოლის ჯან პიერო გასპერინის წინააღმდეგ სერია A-ში 14 მატჩიდან 6 აქვს მოგებული (4 ფრე, 4 წაგება). პიოლი გამარჯვების შემთხვევაში გახდება მწვრთნელი, რომელსაც გასპერინი ყველაზე მეტჯერ ეყოლება დამარცხებული (ახლა 6-6 მოგება ასევე სინიშა მიხაილოვიჩისა და რობერტო დონადონის ანგარიშზეა).

⚽ იოსიპ ილიჩიჩმა მილანთან ბოლო ხუთ თამაშში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 პასი). მთლიანობაში მას მილანისთვის 5 გოლი აქვს გატანილი, აქედან 2 სან სიროზე (2017 წლის დეკემბერსა და 2014 წლის ოქტომბერში).

⚽ ზლატან იბრაჰიმოვიჩს (498) 2 გოლი აშორებს საკლუბო კარიერაში 500 გოლამდე. ყველაზე მეტი პსჟ-ში გაიტანა (156), ხოლო მილანში მის ანგარიშზე 80 გოლია.

⚽ მეკარეებს შორის, რომლებმაც მიმდინარე სეზონში მინიმუმ 10 თამაში ჩაატარეს, პიერლუიჯი გოლინი (74.1%) და ჯანლუიჯი დონარუმა (73.8%) არიან ოთხ საუკეთესო მეკარეში, რომლებსაც სეივების 70%-ზე მეტი მაჩვენებლი აქვთ (პეპე რეინა და მარკო სილვესტრი არიან დანარჩენი ორი).

⚽ მილანის ბოლო 5 მატჩში ერთხელ გავიდა 2.5-ზე მეტი გოლი და ასევე ერთხელ გაიტანა ორივე გუნდმა.

⚽ ატალანტას ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანისა და ატალანტას ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა, თითოჯერ ორივე გუნდმა მოიგო. 2019 თებერვალში მილანმა 3:1 და იმავე წლის დეკემბერში ატალანტამ 5:0.

⚽ ამ ხუთ შეხვედრაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანი და ატალანტა სერია A-ში აქამდე 118-ჯერ შეხვედრიან. 51-ჯერ "როსონერიმ" მოიგო, 24-ჯერ "ნერაძურიმ" და 43-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-2-3-1): დონარუმა - კალაბრია, კალულუ, კიაერი, ტეო ერნანდესი - კესიე ტონალი - კასტილიეხო, დიასი, ლეაო - იბრაჰიმოვიჩი
ტრავმა, დისკვალიფიკაცია და კოვიდინფიცირებული: რომანიოლი, საელემაკერსი, გაბია, ბენასერი, ჩალჰანოღლუ

ატალანტა (3-4-1-2): გოლინი - ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი - ჰატებური, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი - პესინა - საპატა, ილიჩიჩი
ტრავმა: პაშალიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები