Thumbnail
  • კვიპროსში იჯარით გაშვებული გენტის ფორვარდი შედეგიანობით გამოირჩევა
  • ბელგიელებს იმედი აქვთ, რომ 27 წლის ფეხბურთელს კარგ ფასად გაყიდიან
  • ანორთოსისში გიორგის შენარჩუნება სურთ, მაგრამ მისი მაღალი ფასი აფიქრებთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ბელგიური გენტის ფეხბურთელი, რომელიც ანორთოსისის ღირსებას იჯარით იცავს, თავისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია (ნიკოლას დიგუინთან ერთად) გატანილი 11 გოლით. 

გიორგი ანორთოსისთან საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და წესით, გენტში უნდა დაბრუნდეს, რადგან კონტრაქტში არ არის პუნქტი ფეხბურთელის გამოსყიდვის შესახებ. ცნობილია, რომ კვიპროსულ კლუბს ქართველ თავდამსხმელთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს, მაგრამ საკითხი აქ ფასს შეეხება, რომელსაც ქვილითაიას სანაცვლოდ გენტი მოითხოვს.

გიორგის ანგარიშზე საქართველოს ნაკრების 27 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე პასია

ბელგიურმა გამოცემა Voetbalprimeur-მა გენტს სტატია მიუძღვნა, სადაც იჯარით მოთამაშე გიორგი ქვილითაიას პერსპექტივებზეც დაწერა. 

"გიორგი ქვილითაია გენტმა სამ მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა გარკვეულწილად ტრავმების გამო, შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო. ამ სეზონში ქვილითაიას თავის გამოჩენა ანორთოსისში შეუძლია, სადაც 12 გოლითა და 2 საგოლე პასით უკვე გამოირჩა. 2021 წელს მან სულაც ყველა თამაშში შეძლო გატანა - 4 გოლი 4 მატჩში. საკითხავია, მიიღებს თუ არა თავდამსხმელი გენტში კიდევ ერთ შანსს, მაგრამ თუკი ქვილითაია ასე გააგრძელებს, ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბი მასში საკმაოდ დიდი თანხის მიღებას შეეცდება". 

გიორგი ქვილითიაა და გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ღირსებას ერთად იცავდნენ

თავის მხრივ, კვიპროსული Goal ვარაუდობს, რომ ქვილითაიას კვიპროსში დარჩენის საკითხში, თუკი ამის სურვილი თავად გიორგისაც ექნება, გადამწყვეტი მაინც ბელგიური მხარის დასახელებული ფასი იქნება. მაგრამ თუკი გენტი ქართველ თავდამსხმელში თუნდაც იმდენს მოითხოვს, რამდენიც თავის დროზე მასში გადაიხადა, ანორთოსისი მის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. 

ამ ყველაფრის გათვალისწინეით, გამოდის, რომ რაც უფრო წარმატებით ითამაშებს გიორგი კვიპროსში, მის ტრანსფერში მით უფრო მეტს მოითხოვს გენტი, რაც მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე ანორთოსისის ინტერესებში აღარ შედის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია! 

ბელგიური მედია გენტში გიორგის შანსებს სკეპტიკურად უყურებს

კვიპროსის ჩემპიონატში გასული 20 ტურის შემდეგ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ანორთოსისს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. ჩემპიონატის ლიდერი 43 ქულით აპოლონია. 

გიორგი ქვილითაიას გენტთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში გორის დილაში, დინამო თბილისში, უნგრულ დიორში და ვენის რაპიდშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები