- 33 წლის ქართველმა სუმოისტმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა
- ტოჩინოშინმა იაპონელი მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა 33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე განცდილი ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, მობილიზება მოახერხა და დღევანდელ შერკინებაში გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინი, რომელიც ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ამჯერად დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს გაეჯიბრა და იორიკირით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 29 წლის იაპონელმა ქართველ სეკიტორს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე თითქმის 45 კგ-ით მსუბუქი გახლავთ. კოტოეკო ტოჩინოშინის მიძალებას რამდენჯერმე გაექცა, თუმცა, ბოლო-ბოლო ლევანმა მისი დოჰიოდან გაყვანა მაინც მოახერხა.
ამგვარად, ქართველ სუმოისტს 9 მარცხის წილ 4 მოგება მოუგროვდა და ვინაიდან უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვეღარ გადაურჩება, იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ წოდებაში ვარდნა შედარებით მცირე იყოს. ტოჩინოშინს ტოკიოში კიდევ 2 ორთაბრძოლა ელის, რომელთაგან უახლოესს დასავლეთის მე-16 მაეგაშირა აკისეიამასთან გამართავს. გორგაძე 35 წლის ვეტერანს კარიერაში 2-ჯერ გაჯიბრებია და მაქსიმალური შედეგი აქვს.
📺 ტოჩინოშინი V კოტოეკო
კომენტარები