Thumbnail

კიდევ ერთი ქართველი ანორთოსისში? ქეცბაიას ფავორიტი ნაკრების ნახევარმცველია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თემურ ქეცბაიას ნახევარმცველის დამატება უნდა
  • ქართველი სპეციალისტის სიაში პირველი ვაკო გვილია წერია

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდის შეადგენლობის გაძლიერება სურს და კვიპროსული მედია, კონკრეტულად კი goal.philenews ვაკო გვილიას შესაძლო ტრანსფერზე წერს. ეს საკითხი მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა, რაც გამცოდილი ბერძენი ნახევარმცველის ლაზაროს ხრისტოდოპულოსის ტრანსფერი ჩაიშალა.

სწორედ შუა ხაზის გაძლიერებაა სურს თემურს და გადაცემა "გაიტანე გოლის" ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელი ვარშავის ლეგიას ფეხბურთელ ვაკო გვილიაზე ფიქრობს. ქეცბაიამ კარგად იცის 26 წლის ნახევარმცველის შესაძლებლობები და მიაჩნია, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ყველა სპეციფიკას, მაგრამ პრობლემაც არსებობს - გვილია ძვირია და ანორთოსისის ბიუჯეტისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება.

გვილია ლეგიასთან ერთად დუბაიში შეკრებაზე იმყოფება

გვილიას ლეგიასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად დუბაიში შეკრებაზე იმყოფება და გუშინ რუსულ კრასნოდართან სპარინგში (0:0) ითამაშა კიდეც. მატჩის შემდეგ ვაკომ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა:

"მოსამზადებელ ეტაპზე შედეგზე დიდ ყურადღებას არ ვამახვილებთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თამაშში გადავიტანოთ ის, რასაც ვარჯიშებზე ვაუმჯობესებთ. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარეთ, რადგან კრასნოდარი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა უკეთ თამაში შეიძლებოდა, მაგრამ ეს ყველა თამაშში ხდება. უნდა განვაგრძოთ მუშაობა და კარგად მოვემზადოთ პოლონეთის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის. შეკრება ყოველთვის შრომატევადია და ბოლო დღეები ყველაზე მძიმეა. იმედია, პოლონეთში როცა ჩავალთ, ისეთი სიცივეები არ იქნება. როდესაც შეკრებას თბილ ქვეყანაში გადიხარ, შემდეგ ადაპტაციის გავლა გიწევს. იმედია, ამას ადვილად მოვახერხებთ და მზად ვიქნებით თამაშებისთვის".

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია ლეგიაში 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში 9 უგოლო თამაში ჩაატარა, გასული სეზონი კი გაცილებით წარმატებული ჰქონდა - ყველა ტურნირზე 47 თამაშში 11 გოლი გაიტანა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ლეგიამდე ვაკოს გურნიკში, შვეიცარიულ ლუცერნში, ბორისოვის ბატეში, მინსკსა და ზაპოროჟიეს მეტალურგში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში კი 32 შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

ფამაგუსტას ანორთოსისში კი 4 ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს - გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. კვიპროსის ჩემპიონატში ქეცბაიას გუნდი 39 ქულით მე-3 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები