Thumbnail

PREVIEW | ახალ ეპოქაში, ახალი მიზნებით - კვირას კონორი ბრუნდება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 24 იანვარი | ⌚ 08:20 | 👊 დასტინ პორიე V კონორ მაკგრეგორი
  • 📅 24 იანვარი | ⌚ 08:00 | 👊 დენ ჰუკერი V მაიკლ ჩენდლერი
  • მაკგრეგორი შეცვლილი ბრუნდება, მაგრამ შეცვლილია დივიზიონიც

კვირას, 24 იანვარს, თბილისის დროით დაახლოებით 08:20-ზე, UFC-ის ოქტაგონს ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონი და MMA-ს ცოცხალი ლეგენდა - კონორ მაკგრეგორი დაუბრუნდება. ირლანდიელმა ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ, დონალდ სერონეს წინააღმდეგ იჩხუბა და ბრძოლა 40 წამში მოიგო.

"ყველაზე ძალიან რაზე მწყდება გული, იცით? - ამბობდა კონორი პრესკონფერენციაზე, - 2020 წელს ოქტაგონზე მხოლოდ 40 წამი გავატარე, არადა მთელი წელი ისეთ ფორმაში ვიყავი, კიდევ უნდა მეჩხუბა. მეტი მინდა, მეტი შემიძლია და ამის დამტკიცებას დასტინის წინააღმდეგ ვეცდები."

მაკგრეგორის ბრძოლამდე პერიოდი ისეთივეა, როგორიც 'კოვბოის' წინააღმდეგ იყო - მეგობრული, წყნარი და დაცლილი ტვიტერზე დაგროვილი ნაგვისგან. კონორი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ დასტინ პორიე ის ადამიანი და მებრძოლი აღარ არის, ვისაც კარიერის სტარტზე 2014 წელს მოუგო.

"დასტინი იმ ბრძოლის შემდეგ ძალიან შეიცვალა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად... - ამბობს პორიეს მწვრთნელი მაიკ ბრაუნი, - მსუბუქი წონის დივიზიონი (მაკგრეგორთან ბუმბულის წონაში იჩხუბა) მოუხდა, დარტყმას ძალას უფრო ატანს, დიდი ბიჭია. ასევე, 'თრეშ-თოქებს' ისე აღარ განიცდის, როგორც ადრე... ადრე, ნებისმიერ კომენტარს წყობიდან გამოჰყავდა."

კონორთან ჩხუბის შემდეგ, პორიე მხოლოდ ორჯერ (10/2) დამარცხდა, მათ შორის ერთხელ ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ და 10 ბრძოლა მოიგო. გზად ისეთი მებრძოლები ჩამოიშორა, როგორებიც არიან - მაქს ჰოლოუეი, ედი ალვარესი, ჯასტინ გეიჯი, ენტონი პეტისი და ა.შ.

"ვისურვებდი, რომ პირველივე რაუნდში ვატკინო და ბრძოლა დავასრულო... - კონორმა გამძლეობის შესახებ კითხვას ასე უპასუხა - "მაგრამ თუ ეს არ გამოვიდა, მარათონისთვისაც მზად ვარ. თუ საჭირო გახდა, მსაჯის ბოლო სიგნალამდე ვიჩხუბებ."

ხაბიბთან ერთად, ერთ შენობაში

ცნობილია, რომ ბრძოლის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვიც იგივე სასტუმროში გაჩერდება, სადაც კონორი და სხვა მებრძოლები. ჟურნალისტმა ირლანდიელს ამის შესახებ ჰკითხა - "სასტუმროს მისაღებში ერთად როდესაც იდგებით - დაცვის თანამშრომლების მობილიზება არ გახდება საჭირო?"

კონორმა კითხვას მარტივი და ამომწურავი პასუხი გასცა: "დღეს 2020 წელია, მაშინ 2018 წელი იყო... სანამ ხაბიბთან ერთად ისევ გალიაში არ აღმოვჩნდები, მანამდე ჩვენ შორის არაფერი მოხდება." - განაცხადა დუბლინელმა.

კონორი ამბობს, რომ ხაბიბთან კონფლიქტი ამოწურულია

ჰუკერი V ჩენდლერი

ბელატორის ყოფილი ჩემპიონი მაიკლ ჩენდლერი UFC-ის ოქტაგონზე გამოსასვლელად ჯერ კიდევ ხაბიბის და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის წინ იყო მზად, როდესაც ორგანიზაციამ ის საჭიროების შემთხვევაში ორივე მებრძოლის შემცვლელად დაასახელა.

ბოლო რამდენიმე თვეა, ამერიკელი მოჭიდავე, დენ ჰუკერის წინააღმდეგ საჩხუბრად ემზადება, რომელიც ახალი ზელანდიიდანაა და რომელსაც დგომში დღეს ცოტა თუ ჯობია. ჰუკერმა აღნიშნა, რომ დიდ რისკზე მიდის, რადგან ჩენდლერი რეიტინგებში განთესილი არ არის, მაგრამ გამოწვევა მიიღო და ბელატორის ჩემპიონს, გამოცდას სწორედ ის ჩაუტარებს.

დენ ჰუკერი V მაიკლ ჩენდლერი

მაიკლ ჩენდლერი გამოცდილი მოჭიდავეა - 'თეიქდაუნები', თრევა და მოწინააღმდეგის მიწაზე განადგურება მისი ძლიერი მხარეა. მაგრამ მიუშვებს თუ არა ახლოს უფრო მაღალი და უკეთესი წვდომის მქონე ზუსტი დამრტყმელი - დენ ჰუკერი, ამას კვირას დილით, კონორის და პორიეს მთავარი ბრძოლის წინ ვნახავთ.

"როდესაც ბელატორში ვჩხუბობდი, ყოველთვის მახსოვდა, რომ სადღაც, იგივე წონაში ჩემპიონი UFC-ის ჰყავდა და ყოველთვის ამ ბრძოლისთვის ვემზადებოდი, ყოველთვის მინდოდა საუკეთესოებთან მეჩხუბა და დღეს ამის შანსი მომეცა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო." - ამბობს ჩენდლერი.

კომენტარები

ბოლო ამბები