Thumbnail

'პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია' - რუსი მწვრთნელი კვარაცხელიაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ყაზანის რუბინის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვალერი ჩალი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 19 წლის ქართველი ლეგიონერი არა მხოლოდ მისი კლუბის, არამედ სრულიად რუსული პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. ცნობისთვის, ჩალი რუბინს 2015-16 წლებში ავარჯიშებდა და ეს ბოლო სეზონია, როდესაც ყაზანელებმა ევროთასებზე ითამაშეს. აი, რუსი მწვრთნელის მოსაზრება კვარაცხელიაზე:

“ვფიქრობ, მას ევროპაში წასვლა უნდა და ტოპ-ჩემპიონატში სათამაშოდ საჭირო თვისებებიც გააჩნია. საერთო არ ეშინია ერთი ერთზე თამაში, თანაც ამას მაღალ სისწრაფეზე ისე აკეთებს, რომ ბურთს შორს არ უშვებს და მიმართულების შეცვლაც ეხერხება. ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მგონია, რომ რუბინიდან მალე წავა. აგენტები, ალბათ, უკვე რიგში დგანან. მთავარი ისაა, რომ ხვიჩას თავბრუ არ დაეხვეს. მან ისეთი კლუბი უნდა მოძებნოს, სადაც ახალ მწვრთნელთან ერთად კიდევ უფრო უკეთ გაიხსნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ტრავმა არ მიიღოს და შემდგომი განვითარება განაგრძოს. უკვე ამ დროისთვის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. მისი ყურება ძალიან სასიამოვნოა და ფაქტია, როდესაც არ თამაშობს, რუბინი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. ყველა მას მისდევს, ხელებით იჭერენ, 2 კაცი ცდილობს ხოლმე წააქციოს, ის კი სირბილს განაგრძობს. და ეს ყველაფერი 19 წლის ასაკში. აი, სწორედ ასეთი ფეხბურთელების გაზრდა გვჭირდება”.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის 16 მატჩში თავი ორ-ორი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა, აგრეთვე 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა. რუბინი სეზონის მე-2 ნაწილისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს და გუშინ გამართულ პირველ საკონტროლო მატჩში სერბულ პარტიზანს 5:2 სძლია, 1 გოლი კი ქართველმა გარემარბმა გაიტანა. ყაზანელები მეორე ამხანაგურ თამაშს 24 იანვარს სოჩისთან ჩაატარებენ, რუსეთის პრემიერლიგა კი 26 თებერვალს განახლდება.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პარტიზანთან

კომენტარები

ბოლო ამბები