Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 106:113 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონმა იანისს გიგანტების დუელი მოუგო
  • ჯეიმსმა სეზონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
  • Greek Freak-ს 9 დაკარგვა ჰქონდა

გოლდენ სტეიტთან მარცხის შემდეგ, ლეიკერსი ისევ გამარჯვებების გზაზე დაბრუნდა. ლოსანჯელესელებმა მილუოკი ბაქსი სტუმრად 113:106 დაამარცხეს - ანუ, იანის ანტეტოკუნმპოსა და ლებრონ ჯეიმსის ე.წ. გიგანტების დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

36 წლის ლებრონმა შთამბეჭდავად ითამაშა. მან ყველაზე მეტი, 34 ქულა ჩააგდო და 6 ზუსტი სამქულიანიც ისროლა. ჯეიმსისთვის ორივე სეზონის საუკეთესო შედეგია. თუმცა კენტავიუს კოლდუელ-პოუპმა მასზე მეტი, 7 სამიანის ჩაგდება მოახერხა და 23 ქულით ლეიკერსის ყველაზე პროდუქტიულებში მეორე გახლდათ. ენტონი დევისმა 18 ქულით ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა - მას 9 მოხსნა და 6 პასიც ჰქონდა. 

ლეიკერსიდან საუკეთესოები ლებრონი და კოლდუელ-პოუპი იყვნენ

მილუოკიდან საუკეთესო ისევ იანისი იყო - ბერძენმა 25 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასთან ერთად შთამბეჭდავად ითამაშეს ჯრუ ჰოლიდეიმ (22 ქულა) და კრის მიდლტონმაც (20).

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასაწყისი ლეიკერსისთვის კარგი არ ყოფილა. იანისი შეტევაშიც დომინირებდა და ლებრონს დაცვაშიც მედგრად ებრძოდა. მართალია, ლოსანჯელესელები სამიანებს კარგად ისროდნენ, მაგრამ პირველი პერიოდი 4-ქულიანი ჩამორჩენით დათმეს. თუმცა მერე ვითარება ნელ-ნელა შეიცვალა. ლეიკერსი უკეთ ათამაშდა და მილუოკელთა დაკარგვებითაც ისარგებლა. საინტერესოა, რომ იანისს ამ შეხვედრაში 9 დაკარგვა ჰქონდა. და რაკი მასპინძლებს სამქულიანებიც არ წაუვიდათ (9/28 ლეიკერსის 19/37-ის წინააღმდეგ), თამაშიც ვერ მოიგეს.

ამრიგად, ლეიკერსი სტუმრად ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და 12 მოგებითა და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. იანისის გუნდი აღმოსავლეთში 9 მოგებით და 6 წაგებით მესამეა. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები