Thumbnail

მარიო მანჯუკიჩი: მეტოქეებს შევაშინებთ და თანაგუნდელებს დავიცავთ!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მილანმა მარიო მანჯუკიჩი მედიას წარუდგინა
  • ხორვატმა ფეხბურთელამ ფორმაზე, ამბიციებსა და იუვენტუსზე ისაუბრა

მილანმა ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი ორი დღის წინ ოფიციალურად დაიმატა, დღეს კი 34 წლის ფორვარდი მედიის წინაშე წარადგინეს. მარიოს პერსონისადმი ინტერესი დიდია და მას ჟურნალისტებმა არაერთი კითხვა დაუსვეს. თავდაპირველად, ცხადია, პირველ შთაბეჭდილებებზე მოუწია საუბარი და განაცხადა, რომ მილანში შესანიშნავი ატმოსფერო დახვდა.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვემზადებოდი ამ შესაძლებლობისთვის. შესანიშნავი ატმოსფეროა, მილანმა ბრწყინვალედ იმუშავა და ახლა ლიდერია, შესაბამისად ყველაფერი შესაძლებელია. მართალია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ მებრძოლი სულისკვეთება აქვთ. მათთან ერთად ვითამაშებ, ჩემი საქმეა ვარჯიშებსა და მოედანზე მაქსიმუმი გავიღო", - თქვა მარიომ.

'არ ინერვიულოთ, კარგად ვარ და ფორმაში ვარ!'

მანჯუკიჩს 2019 წლის მაისის შემდეგ მხოლოდ 10 მატჩი აქვს ჩატარებული და ისიც ყატარის ჩემპიონატში. ამდენად, ისმის კითხვა, რამდენად მზადაა ხორვატი ისეთ რთულ ჩემპიონატში ჩვეულ დონეზე სათამაშოდ, როგორიცაა სერია A. მანჯუკიჩი დარწმუნებულია, რომ მზად არის: 

"ბოლო რამდენიმე თვე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. მზად რომ არ ვყოფილიყავი, არ დავთანხმდებოდი ისეთ დიდ კლუბში თამაშს, როგორიც მილანია. ცხადია, რამდენიმე დღე დამჭირდება თანაგუნდელების გასაცნობად, მაგრამ მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო, როდესაც მწვრთნელი შანსს მომცემს. რთული სათქმელია, ჩემი საუკეთესო ფორმის რამდენ პროცენტში ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ბოლო რამდენიმე თვე ბევრი ვიმუშავე, ჩემი სხეული აბსოლუტურად მზად არის მინდორზე დასაბრუნებლად. არ ინერვიულოთ, კარგად ვარ და ფორმაში ვარ", - აღნიშნა 34 წლის შემტევმა.

მანჯუკიჩი მილანელოზე

ძალზე დიდი მოლოდინია ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მანჯუკიჩის დუეტისგან. როგორც მარიომ განაცხადა, მან და შვედმა მეტოქეები უნდა დააფრთხონ და თანაგუნდელები დაიცვან: "მე და ზლატანს დიდი გამოცდილება გვაქვს. მნიშვნელოვანია, შევაშინოთ ჩვენი მეტოქეები და დავიცვათ ჩვენი თანაგუნდელები, ესეც საჭიროა და მე აბსოლუტურად მზად ვარ", - ამბობს მანჯუკიჩი.

მილანი სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩაბმული და შეიძლება ითქვას, მთავარი ფავორიტიცაა, რადგან "როსონერიმ" პირველი წრე ფანტასტიკურად ჩაატარა და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს. მანჯუკიჩს ჩემპიონობის სჯერა:

"სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი. თუ ბოლო თამაშებს გადავხედავთ და ვნახავთ, როგორ იბრძოლა გუნდმა, სკუდეტოს მოპოვება უფრო ადვილი იქნება. წინ ბევრი რთული თამაშია, თუ გვინდა, რომ მიზანს მივაღწიოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა თუ ჩემპიონობა? ყველამ იცის, რამდენად ამბიციური ვარ, მაგრამ ასევე იციან, რომ ლაპარაკს მუშაობა მირჩევნია და უმჯობესია, ვიმოქმედო. პიოლისთან ვისაუბრე, ძალიან პოზიტიური ადამიანია. მან მკითხა სათამაშო პოზიციის შესახებ და ვუთხარი, რომ იქ ვთამაშობ, სადაც საჭიროა", - განაცხადა ბალკანელმა.

მარიო მანჯუკიჩის წარსული ტურინის იუვენტუსთან ასოცირდება, სადაც 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა (მათ შორის 2 მილანის კარში), 4-ჯერ სკუდეტო მოიპოვა. თუმცა, ტურინელთა ბანაკის დატოვება მას სკანდალურად მოუწია, რადგან მაურიციო სარი მთელი 6 თვე თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდა. მარიო ტურინულ კლუბზე და ტიფოზებზე ნაწყენი არ არის, სარიზე საუბარს კი გვერდი დიპლომატიურად აუარა.

მანჯუკიჩი იუვეს კურვა სუდის ტრიბუნასთან

"ეს იქნება, როგორც ყველა დანარჩენი მატჩები. მოედანზე მეტოქეები ვართ, მოედანს მიღმა კი - მეგობრები. იმედი მაქვს, გულშემატკივრები სტადიონზე მალე დაბრუნდებიან. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა იუვენტუსის გულშემატკივებთან, მათ პატივს სამუდამოდ ვცემ, მაგრამ ახლა მილანისა და მისი გულშემატკივრებისთვის ვიბრძოლებ. მაურიციო სარი? არ მომწონს წარსულზე საუბარი, მინდა მხოლოდ აწმყოზე და მილანზე ვიფიქრო. არა, არ მაქვს შურისძიების სულისკვეთება. როდესაც მილანიდან დამირეკეს, მხოლოდ იმ მოლოდინების შესრულებაზე ვფიქრობდი, რაც "როსონერიში" ჩემს მიმართ აქვთ", - თქვა მარიომ.

მანჯუკიჩს კარიერის უმეტესი ნაწილი 17 ნომერთან ასოცირდება, მაგრამ ის მილანშიი 9 ნომერი იქნება. ფილიპო ინძაგის "როსონერიდან" (2012 წელს) წასვლის შემდეგ შავ-წითელ მაისურში ამ ნომრით თავი ვერავინ გამოიჩინა. ბოლო 8 წელიწადში ამის უამრავი მაგალითია: ალესანდრო მატრი, ჯანლუკა ლაპადულა, მატია დესტრო, ფერნანდო ტორესი, ანდრე სილვა, ალეშანდრე პატო, კშიშტოფ პიონტეკი, გონსალო იგუაინი, ლუის ადრიანო... ამიტომაც, მანჯუკიჩს ნომრის არჩევანზეც ჰკითხეს:

"მაისურის ნომრები არ მაწუხებს. ხშირად 17 ნომერი ვიყავი, მაგრამ ეს არ იყო თავისუფალი. ასევე, ხშირად 9 ნომრით ვთამაშობდი და როცა ვნახე, რომ თავისუფალი იყო, ავიღე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, უკან რა არის, მთავარია წინ რა იქნება", - დასძინა გამოცდილმა ფეხბურთელმა.

მარიო მანჯუკიჩი ბოლოს ყატარში, ალ-დუჰაილის ღირსებას იცავდა და 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მაგრამ აზია მალევე დატოვა და უკანასკნელი თვეები უგუნდოდ იყო. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისიდან მოყოლებული მას მხოლოდ 10 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. ხორვატი ფორვარდი 2015-2019 წლებში იუვენტუსის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მან ტურინული გუნდის მაისურით 162 თამაშში 44 გოლი გაიტანა (მათ შორის 2 მილანის კარში).

კარიერის განმავლობაში მარიო მანჯუკიჩმა ზაგრების, დინამო ზაგრების, ვოლფსბურგის, ბაიერნისა და მადრიდის ატლეტიკოს შემადგენლობაში ითამაშა, ხორვატიის ნაკრების მაისურით კი 2007-2018 წლებში 89 შეხვედრაში თავი 33-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები