Thumbnail

გლადბახის ფეხბურთელი პოლიციას სახურავზე გაექცა, თუმცა, მაინც დააკავეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შვეიცარიელი ფორვარდი წვეულებიდან მეზობელი სახლის ფანჯარაში გადაძვრა
  • თავად ბრის ემბოლო დღემდე იფიცება, რომ არალეგალურ შეკრებაზე საერთოდ არ ყოფილა

ცნობილია გახდა დეტალები, რომლებიც გლადბახის ბორუსიას ერთ-ერთი ლიდერის ბრილ ემბოლოს დაკავებას უკავშირდება. პოლიციიდან გამოსული ინფორმაცია Bild-მა გაავრცელა.

როგორც ირკვევა, 23 წლის შვეიცარიელი თავდამსხმელი იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვების მიუხედავად, ესენის ერთ-ერთ რესტორანში ფარულად მიმდინარეობდა.

როდესაც იქ შეკრებილ 23 ადამიანს თავს სამართალდამცავები დაადგნენ, ერთ-ერთი მათგანი ფანჯრიდან სახურავზე აძვრა და იქიდან მეობელი შენობის ფანჯარაში გადავიდა. როდესაც პოლიციამ აღნიშნულ ოთახს მიაკითხა, იქ მხოლოდ ემბოლო აღმოჩნდა, ამდენად, ვარაუდობენ, რომ გაქცეული სწორედ ის გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ თავად შვეიცარიელი ფორვარდი ყველაფერს უარყოფს. უფრო სწორად ის ამბობს, რომ ესენში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრის საკალათბურთო მატჩისთვის ეყურებინა. იგივე განუცხადა მან თანაგუნდელებსაც, მაგრამ რამდენად დაიჯერებს ამას გლადბახის ხელმძღვანელობა, რთული სათქმელია.

ემბოლომ უკვე გამოტოვა გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში ბრემენის ვერდერთან მატჩი და მაშინ ამის მიზეზად სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებული პროტოკოლის დარღვევა დაფიქსირდა. გლადბახელებს უახლოესი მატჩი 22 იანვარს დორტმუნდის ბორუსიასთან ელით და ჯერაც უცნობია, შვეიცარიელი ფეხბურთელი ამ მატჩის განაცხადში მოხვდება თუ – ვერა.

ცნობისთვის, ემბოლო პროფესიული კარიერა ბაზელში დაიწყო, 2016-19 წლებში გელზენკირხენის შალკეში თამაშობდა, შემდეგ კი გლადბახს შეუერთდა და მიმდინარე სეზონის 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში მისი მაჩვენებლები 40 თამაში და 4 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები