Thumbnail

წლის დასაწყისში ფრანგულმა 90min.com-მა გამოაქვეყნა ფრანგი ფორვარდების ტოპ-ათეული, რომელთაც მსოფლიოს კლუბებში 2020 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. ათეულში თითქმის ყველა სუპერვარსკვლავია, 20 წლის ჟორჟ მიქაუტაძის გარდა, რომელიც მე-10 ადგილით შევიდა რჩეულთა შორის.

მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, ამ კლუბის აღზრდილია და ახლა ლიგა 1-ის მეცს ეკუთვნის, თუმცა ბელგიურ სერენში იჯარით თამაშობს. იგი საფრანგეთის მოქალაქეა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჟორჟი ფრანგი გოლეადორების სიაში მოხვდა. თუმცა სფფ მისთვის ქართული პასპორტის მიცემაზე და საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივაზე მუშაობს.

გადავწყვიტეთ, ანალოგიურად გაგვეკეთებინა ქართული TOP 10 - იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. აქ ვთვლით ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასზე, მსოფლიოს პროფესიულ ლიგებში (მხოლოდ უმაღლესი ლიგები, პლუს ევროპის 10 ტოპლიგის მეორე ლიგა) გატანილ გოლებს. 

ფრანგ ბომბარდირთა ჩარტში მიქაუტაძემ 16 გოლით მე-10 ადგილი დაიკავა. საუკეთესოები კი 27-27 გოლით ბაფეტიმბი გომისი და ოლივიე ჟირუ გახდნენ, მათ 1 გოლით გაუსწრეს კილიან მბაპეს. სამაგიეროდ, მიქაუტაძუს 16 გოლი ქართული რეიტინგის უპირობოდ მოსაგებად საკმარისია. 

2020 წლის TOP 10 ქართველი ბომბარდირი

1. ჟორჟ მიქაუტაძე - 16 გოლი
სერენი. პროქსიმუს ლიგა (ბელგია). 20 წლის
საშუალოდ 1.14 გოლი მატჩში
€1 200 000 (ტრანსფერმარკტი)

მიქაუტაძემ ბელგიაში 14 მატჩში 16 გოლი გაიტანა

2020 წელს ბელგიური საკლუბო ფეხბურთი უეფას კოეფიციენტით მე-8 ადგილზე იყო ევროპაში. ასე რომ, სერენის რიგებში გატანილი გოლები ჩვენს ჩარტში ითვლება. 

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ 19 წლის ასაკში 14 მატჩში შეძლო 16 გოლის გატანა, რითაც ბელგიური და ფრანგული მედია აალაპარაკა. 2020 წელს მან გოლები ლიგა 1-ის მეცის დუბლებშიც გაიტანა (სეზონში 9 გოლი), მაგრამ მათ აქ ვერ ჩავუთვლით. 1.14 გოლი საშუალოდ თამაშში - ევროპული მასშტაბითაც ფენომენალური შედეგია. მით უფრო ჩვენთვის. 

2. გიორგი ფანცულაია - 11 გოლი
ტორპედო. ეროვნული ლიგა. 27 წლის
საშუალოდ 0.55 გოლი მატჩში
€225 000

გიორგი ფანცულაია დინამო ბათუმის ფეხბურთელი გახდა

27 წლის გიორგი ფანცულაია დინამო ბათუმის ახალწვეულია, მან ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა 2020 წლის გოლები მან ქუთაისის ტორპედოს მაისურით გაიტანა.

ის ტორპედოს ელიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა, როცა 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა (1 პლეი ოფში). გარდა ამისა, გიორგის ანგარიშზე საქართველოს თასზე 3 გოლია.  

3. ირაკლი სიხარულიძე - 11 გოლი
ლოკომოტივი. ეროვნული ლიგა. 30 წლის
საშუალოდ 0.52 გოლი მატჩში
€300 000

გოლი მოსკოვის დინამოს კარში

თბილისის ლოკომოტივის ერთ-ერთი ლიდერი ბრწყინვალედ თამაშობდა ეროვნულ ლიგაში. მან 18 თამაშში 9 გოლი გაიტანა. რაც მთავარია, დიდი წვლილი მიუძღვის ევროთასებზე გუნდის სხვა ქართულ კლუბებთან შედარებით წარმატებულ თამაშში - მან ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩებში კრაიოვასაც გაუტანა და მოსკოვის დინამოსაც. 


4. ბუდუ ზივზივაძე - 10 გოლი
მეზოკოვეშდი/ფეჰერვარი. NB I (უნგრეთი). 26 წლის
საშუალოდ 0.24 გოლი მატჩში
€600 000

ბუდუმ უნგრეთში თავი გამოიჩინა

ფორვარდი, რომელსაც ნაკრებისთვის ასე მნიშვნელოვან 2020 წელს შანსი არ მიეცა. თუმცა ბუდუმ უნგრეთის ჩემპიონატში თამაშით აჩვენა, რომ ის ამ შანსს იმსახურებდა. წლის პირველ ნახევარში საშუალო მეზოკოვეშდშიც გაჰქონდა და მეორე ნახევარში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ფეჰერვარშიც. 

5. გიორგი ქვილითაია - 9 გოლი
გენტი/ანორთოსისი. ჟუპილერ ლიგა (ბელგია), I დივიზიონი (კვიპროსი). 27 წლის
საშუალოდ 0.30 გოლი მატჩში
€1 800 000

ქვილითაია ანორთოსისში ათამაშდა

შარშან ის ბელგიური გენტიდან ანორთოსისში იჯარით გადაბარგდა, რადგან იქ თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდა. გიორგი ქეცბაიასთან შესანიშნავად ათამაშდა. დიდი ალბათობით, მას უკეთესი შედეგი 2021 წელს ექნება, რადგან უკვე 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 

6. ნოდარ ქავთარაძე - 8 გოლი
დინამო თბილისი. ეროვნული ლიგა. 28 წლის
საშუალოდ 0.5 გოლი მატჩში
€275 000

ნოდარ ქავთარაძეც უნგრეთში ითამაშებს

დინამო თბილისის ყოფილი ლიდერი ამიერიდან უნგრული მეზოკოვეშდისთვის გაიტანს. შარშან მან ეროვნულ ლიგაში 8 გოლი გაიტანა და დინამოს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. 

7. გიორგი ბერიძე - 8 გოლი
ლოკერენი/უიპეშტი. ჟუპილერ ლიგა (ბელგია),NB I (უნგრეთი). 23 წლის
საშუალოდ 0.47 გოლი მატჩში
€400 000

გიორგი ბერიძემ შანსი უნგრეთში მიიღო

გიორგი გენტის საკუთრებაში იყო, თუმცა იქ ფეხი ვერ მოიკიდა. მას მერე, რაც ბერიძეს ლოკერენში იჯარა დაუსრულდა, ქართველი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით უნგრეთში მოხვდა. ამ სეზონში მან ჩემპიონატში 3, ხოლო თასზე 4 გოლი გაიტანა. შარშან მას საშუალოდ ორ მატჩში ერთი გოლი გაჰქონდა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის კარგი შედეგია.

8. ელგუჯა ლობჯანიძე - 8 გოლი
ქაისარი. პრემიერლიგა (ყაზახეთი). 28 წლის
საშუალოდ 0.44 გოლი მატჩში
€600 000

ლობჯანიძემ სანაკრებო ადგილი ყაზახეთში კარგი თამაშით დაიმკვიდრა

ყაზახურ ფეხბურთში შედეგიანი თამაშით ეროვნულ ნაკრებშიც გაიკვალა გზა, თუმცა შარშან საქართველოს ნაკრების მაისურით გოლის გატანა ვერ შეძლო. ქაისარს ის უკვე დაემშვიდობა, თუმცა ჩემპიონატში 7 გოლის გატანა მოასწრო. ერთი გოლიც მან კვიპროსულ აპოელ-ს გაუტანა ევროთასებზე. 

9. თორნიკე ოქრიაშვილი - 8 გოლი 
ანორთოსისი. I დივიზიონი (კვიპროსი). 28 წლის
საშუალოდ 0.42 გოლი მატჩში
€1 000 000

თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნული ნაკრების ბომბარდირია

თორნიკე ეროვნული ნაკრების ბომბარდირია მოქმედ ფეხბურთელთა შორის (12 გოლი). 2020-ში საქართველოს ნაკრებმა სულ 7 გოლი გაიტანა, აქედან 3 ამ ნახევარმცველის ანგარიშზეა. საკლუბო ასპარეზზე ის ქეცბაიას გუნდის უპირობო ლიდერია. ოქრიაშვილი ნოემბრის მერე ტრავმის გამო ვერ თამაშობს, რაც ანორთოსისის შედეგებს დაეტყო. 

10. ჯაბა ჯიღაური - 8 გოლი
დინამო ბათუმი. ეროვნული ლიგა. 28 წლის
საშუალოდ 0.32 გოლი მატჩში
€350 000

ჯაბა ჯიღაური დინამო ბათუმის ერთ-ერთი ლიდერია

დინამო ბათუმის ლიდერი, ეროვნულ ნაკრებშიც ხშირად თამაშობს, თუმცა ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, იქ უფრო მცველის ფუნქციას ასრულებს. საქართველოს ჩემპიონატში ჯიღაურმა 18 თამაშში 8 გოლი გაიტანა. 

ვინ ვერ მოხვდა სიაში

ტოპათეულს მიღმა დარჩნენ 7-7 გოლით ბექა ქავთარაძე, მათე ვაწაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი. პირველმა ეროვნულ ლიგაში გამოიჩინა თავი, ვაწაძემ და გრიგალაშვილმა კი უზბეკურ სუპერლიგაში. ასევე 7 გოლი გაიტანა ნუგზარ სპანდერაშვილმა, თუმცა 1 ახალგაზრდული ნაკრების მაისურით. 6-6 გოლი გაიტანეს ვაკო გვილიამ, ირაკლი რუხაძემ და უკრაინაში მოთამაშე ნიკა სიჭინავამ. ოთარ კიტეიშვილმა, ვაკო ყაზაიშვილმა, დავით ვოლკოვმა, გიორგი გაბედავამ, მამია გავაშელიშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ 2020-ში 5-5 გოლი გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლები სათვალავში არ მივიღეთ. ასე რომ ყოფილიყო, ათეულში მოხვდებოდნენ: თომა ტაბატაძე (13 გოლი), სერგო კუხიანიძე (12), გიორგი ხარებაშვილი (10) და დათა სიჭინავა (9).

საინტერესო ფაქტი:
TOP 10-დან 6 ფეხბურთელს 2020-ში ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ქართული ფეხბურთის იმედია, 2020 წელს სულ 4 გოლი აქვს გატანილი (აქედან 1 ეროვნულ ნაკრებში), ხოლო გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ტრავმებმა გატანჯა, სამწუხაროდ, 2020-ში გოლი საერთოდ არ გაუტანია. 

ტოპათეულთან ახლოსაც ვერ მივიდნენ ეროვნული ნაკრების ფორვარდები ნიკა კაჭარავა (4 გოლი) და ბექა მიქელთაძე. ამ უკანასკნელს 2020-ში გოლი საერთოდ არ გაუტანია. 

კომენტარები

ბოლო ამბები