Thumbnail

თითქმის გადაუხურავი სტადიონი, რომელზეც მთავარ ტრიბუნას მხოლოდ 6 რიგი აქვს. მოყვარულთა დონის მოედანი, რომელზეც აუტის ჩაწოდებისას მაქსიმუმ 1-მეტრიანი გამორბენი შეგიძლია გააკეთო. 41 წლის მეკარე, რომელსაც პირველ ლიგაში თამაშის სულ რაღაც 37-წუთიანი გამოცდილება აქვს. და თავდამსხმელი გვარად კაზანოვა. ალკოიანო არის კლუბი, რომელიც ფეხბურთის რომანტიკოსებს მოეწონებათ.

სიტყვა რომანტიკა ნამდვილად არ შეესაბამება იმას, რაც რეალ მადრიდს 60 000-მაცხოვრებლიან ალკოიში დაემართა, რომელიც სადღაც ვალენსიასა და ალიკანტეს შორის მდებარეობს. რეალის ამბავს სიტყვა ფიასკო უფრო შეეფერება.

ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ რიცხვობრივ უპირატესობაში მყოფი მადრიდელებისთვის ეს 1:2 სირცხვილი არ იყო. ფრანგის თქმით, ფეხბურთში ასეთები ხდება ხოლმე. ზიზუმ ისიც თქვა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ესპანური მედია წერს, რომ ზიდანს გათავისუფლების ჯერ არ უნდა ეშინოდეს - ‘სამეფო კლუბის’ ხელმძღვანელები რადიკალურ გადაწყვეტილებებს სეზონის ბოლომდე არ მიიღებენო.

ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ გუნდიდან აუცილებლად წავლენ მარსელო და ისკო, რომლებსაც ზიდანმა ალკოიანოსთან შანსი მისცა. რეალის გულშემატკივრებს ძალიან არ მოეწონათ ის კადრები, სადაც ჩანდა, რომ დამატებითი დროის დაწყებამდე მარსელო და ისკო შესანიშნავ ხასიათზე იყვნენ. კლუბთან მათ კონტრაქტები 2022 წელს უმთავრდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მათი გაყიდვა რეალურია.

ასევე კითხვები გააჩინა იმ ფაქტმა, რომ არც ძირითადი დროის დასრულების შემდეგ და არც დამატებითი ტაიმების მცირე შესვენებაზე, ზიდანს ფეხბურთელებისთვის მითითებები არ მიუცია. 48 წლის ფრანგმა მხოლოდ ტრავმირებულ ქარიმ ბენზემასთან სცადა დალაპარაკება. ‘მარკას’ ინსაიდერის ინფორმაციით, რეალის რამდენიმე ფეხბურთელს მისთვის უთქვამთ, ზიდანი 2-3 თვეა, აღარ გველაპარაკებაო.

ჟურნალისტებთან კი ზიზუ ამბობს, რომ სჯერა, მოთამაშეები მას ჯერ კიდევ ენდობიან. ფრანგის თქმით, ფეხბურთელებმა ალკოიანოსთანაც ბევრი რამ სცადეს და მომენტებიც შექმნეს.


რეალიდან წასვლა სურს მარტინ ოდეგორსაც. მართალია, ზიდანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნორვეგიელს აფასებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა - თამაშით ძალიან იშვიათად ათამაშებსა. და ოდეგორიც რეალ სოსიედადში განათხოვრებაზე ოცნებობს.

ესპანური მედია წერს, რომ ალკოიანოსთან მარცხი ზიდანის მეორე მადრიდული ეპოქის დასასრულის დასაწყისია. ‘მარკამ’ ეს ამბავი სწორედ ასე დაასათაურა: “ზიდანის დასასრული მადრიდში”. AS-მა გამოკითხვა გააკეთა, რომელშიც გამოკითხულთა 60 პროცენტი რეალში ზიდანის დარჩენის წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ 2016-დან 2018 წლამდე ზიზუმ რეალს ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. მერე წავიდა, დაბრუნდა და ვითარება გამოასწორა, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ რეალის ბოსებს საქმის გამოსწორების აღარ სჯერათ. ესპანური მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესი და კომპანია იუვენტუსის ყოფილ დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრიზე ფიქრობენ.

ესპანეთის თასსა და სუპერთასზე მარცხით რეალმა ამ სეზონში უკვე ორი ტიტული დაკარგა. რჩება ლა ლიგა, სადაც ზიდანის გუნდი მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგა, რომლის მერვედფინალში რეალი ბერგამოს ატალანტას სახით არცისე ძლიერ მეტოქეს ხვდება, თუმცა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფავორიტებად სხვა გრანდები მიიჩნევიან.

კომენტარები

ბოლო ამბები