- ლევან გორგაძეს ამჯერად იაპონელმა ჰოკუტოფუჯიმ აჯობა
- 33 წლის ტოჩინოშინს წოდებაში საგრძნობი ვარდნა ელის
33 წლის ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2021 წლის პირველი სუპერტურნირის 4 დღის თავზე თანაბარი ბალანსი ჰქონდა, მას შემდეგ კი, 8 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთში იმარჯვა და ცხადია, რომ წოდებაში სერიოზული დაქვეითება ელის.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და ამ დროისთვის, მისი მაჩვენებელი 3 მოგება და 9 მარცხია. ქართველი სეკიტორი დღეს აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის გაეჯიბრა და ოშიდაშით წააგო. ტოჩინოშინს 28 წლის იაპონელთან თანაბარი ბალანსი (5-5) ჰქონდა, ამჯერად კი, მეტოქემ ის დოჰიოდან იოლად გაიყვანა.
ცნობილია, რომ ხვალ ქართველი სეკიტორის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. ტოჩინოშინი 29 წლის იაპონელს კარიერაში მხოლოდ 2-ჯერ შეხვედრია და თითო მოგება-წაგება აქვს. კოტოეკოსთვის მომავალ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ჰაცუ ბაშოზე თანაბარი ბალანსი (6-6) აქვს და წოდებაში დასაწინაურებლად დარჩენილი 3 შეხვედრიდან ორის მოგება მართებს.
📺 ტოჩინოშინი V ჰოკუტოფუჯი
კომენტარები