Thumbnail

NBA | დონჩიჩის 30-ე სამმაგი დუბლი - ინდიანა გოგა ბითაძის გარეშე დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლუკა დონჩიჩი კვლავ შეუჩერებლად მიიწევს წინ NBA-ს ახალი რეკორდებისკენ!

ინდიანა პეისერსთან 124:112 მოგებულ მატჩში 21 წლის სლოვენიელმა 13 ქულით, 12 მოხსნითა და 12 პასით თავისი 30-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. ასეთ ასაკში, ასეთი მიღწევა ოსკარ რობერტსონის გარდა სხვას არავის ჰქონია!

გოგა ბითაძეს ინდიანაში ამჯერად აღარ უთამაშია, დალასმა კი ქართველი ცენტრის პეისერსთან სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. მართალია, დონჩიჩს ქულების მხრივ საუკეთესო საღამო არ ჰქონია (მხოლოდ 13), მაგრამ მუხლის პრობლემა აქვს და ამის მიუხედავად მაინც შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება. სლოვენიელის შესანიშნავი პასებით განსაკუთრებით კრისტაპს პორზინგისმა იხეირა, რომელმაც 27 ქულით და 13 მოხსნით ამ სეზონში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა.

დალასმა ძალიან კარგად გამოიყენა ის ფაქტი, რომ ინდიანას ტრავმის გამო მაილს ტერნერი აკლია და პირველივე მეოთხედში 15-ქულიან უპირატესობას მიაღწია. სამაგიეროდ, სტუმრებს სამქულიანები არ წაუვიდათ - 8/27. ინდიანამ ორჯერ მეტი სამიანი ჩააგდო - 16/39. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები