Thumbnail

ბრუკლინ ნეტსის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს, როცა კევინ დურანტი, კაირი ირვინგი და ჯეიმს ჰარდენი ერთად პირველად ითამაშებდნენ, მაგრამ სუპერტრიოს პირველსავე მატჩში მარცხი ალბათ ვერ წარმოდგინათ - მით უმეტეს კლივლენდ კავალიერსთან.

ირვინგის, დურანტის და ჰარდენის ერთად თამაშს ბრუკლინის ფანები მოუთმენლად ელოდნენ

მოკლედ, კლივლენდმა ბრუკლინის Big Three-ს დებიუტი ჩაუმწარა. კაირი ირვინგის დაბრუნების თამაშში, ნეტსმა კავალიერსთან მხოლოდ ოვერტაიმი გაახერხა, სადაც დურანტმა, ჰარდენმა, ან ირვინგმა კი არა, არამედ კოლინ სექსტონმა იფრინა!

22 წლის სექსტონმა თავისი 42 ქულიდან (კარიერის საუკეთესო შედეგი, პლუს 5 მოხსნა, 5 პასი, 5/11 სამქულიანი) 15 ქულა მეორე ოვერტაიმში ჩააგდო და ბრუკლინის ყველა იმედი დაასამარა. მასთან ერთად, ეფექტურ გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ყოფილმა ბრუკლინელმა ტორინ პრინსმა (17 ქულა) და ჰარეტ ალენმა (12, 11 მოხსნა და 4 დაფარება). ჯედი ოსმანმა (25) და ლარი ნენსი ჯუნიორმაც (15) კარგი თამაში ჩაატარეს.

ბრუკლინიდან საუკეთესო ისევ კევინ დურანტი გახლდათ, რომელმაც 38 ქულას მოუყარა თავი და 12 მოხსნა და 8 პასი, ასევე 4 დაფარებაც ჰქონდა. ირვინგი 7 მატჩის გამოტოვების შემდეგ დაბრუნდა და კარგი მატჩი ჩაატარა - 37 ქულა ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენმა კი 21 ქულით, 10 მოხსნით და 12 ასისტით სამმაგი დუბლი შეასრულა. ნეტსიდან 10-ქულიან ზღვარს კიდევ ჯეფ გრინი (16) და დეანდრე ჯორდანი (13) გადაცდნენ. მატჩის საუკეთესო მომენტებს ვიდეოში ნახავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები