Thumbnail

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებთა მატჩს, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ეგიდით გახლავთ დაგეგმილი, ფრანგები მსაჯების ბრიგადა მოემსახურება.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავარი არბიტრი 51 წლის პიერ ბრუსე იქნება, რომელიც საფრანგეთის TOP 14-ისა და PRO D2-ის და ევროტურნირების თამაშებს ემსახურება. მას სებასტიან მაინერი და კრისტოფ ბატსი დაეხმარებიან.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში უნდა გამართულიყო და მეტოქე უკვე თბილისშიც კი იმყოფებოდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბი ევროპის ორგანიზაციამ ტური გადადო. ბოლოს ეს შეხვედრა პირველ ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გადაიდო. 2020 წლის ტურნირში “ბორჯღალოსნებს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვთ და უახლოეს მდევრებს – პორტუგალიასა და ესპანეთს 10-10 ქულით უსწრებენ, ამდენად, პირველობას ვეღარავინ შეეცილებათ. რუსეთის ნაკრები 4 მატჩში 2-2 მოგება-წაგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

პიერ ბრუსე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, ამასთან, შარშან ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა. აღნიშნულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრებმა ზუსტად 100 მატჩი გამართა, რომელთაგან 83 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 13 წააგო. კონკრეტულად რუს “დათვებთან” “ბორჯღალოსნებს” ისტორიაში 23 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 21-ში გაიმარჯვეს. რუსებმა ერთადერთი მოგება სულ პირველ შეხვედრაში, 1993 წელს იზეიმეს, კიდევ ერთი თამაში კი, 2002 წელს ფრედ დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები