Thumbnail

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი NCAA-ს მორიგ მატჩში ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ ვილანოვას ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 74:76 წააგო, 21 წლის ქართველი კალათბურთელი კი ყურადღების ცენტრში იყო.

საინტერესოა, რომ ვილანოვას კოვიდ-რეგულაციების გამო 27 (!) დღის განმავლობაში არ ეთამაშა, სეტონ ჰოლი კი ბოლოს მოედანზე 10 იანვარს იყო გასული. ამის მიუხედავად დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ისეთი გამოვიდა, როგორსაც ქომაგი ელოდა.

თამაშის დასრულებამდე 1.9 იყო დარჩენილი, როდესაც საყაიმო ანგარიშზე (74:74) ვილანოველმა კოულ სვიდერმა 1 საჯარიმო ჩააგდო. საპასუხო შეტევაში შორეული პასი მამუკელაშვილზე გაკეთდა და მას ბურთი რომ შეემაგრებინა, თითქოს მეტოქის ფარისკენ გზა ხსნილი იყო, თუმცა, ასე არ მოხდა.

სეტონ ჰოლმა კიდევ 1 პერსონალური ფოლი აიღო და ჯერემია რობინსონ-ეარლი საჯარიმო ხაზზე მაშინ დადგა, როდესაც საფინალო სირენამდე 1.1 წამი რჩებოდა. ზუსტი ამჯერადაც 1 ტყორცნა გამოდგა. სტუმრებს თეორიული შანსი რჩებოდათ და პასი ისევ სანდროს მიუვიდა, თუმცა, ურთულესი მდგომარეობიდან ნასროლი სამქულიანი არაზუსტი გამოდგა.

საბოლოო ჯამში, მამუკელაშვილმა 35 წუთში 23 ქულას, 9 მოხსნას, 5 პასსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი, თუმცა, 7 დაკარგვაც მოუგროვდა. სანდროს გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. მან 8-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, საინტერესო კი ისაა, რომ ორ შემთხვევაში დაახლოებით 8 მეტრიდან ჩააგდო.

სეტონ ჰოლს კონფერენცია Big East-ში 6-3 ბალანსი გაუხდა, სეზონში კი - 9-6. სანდრო მამუკელაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე ბატლერ ბულდოგსი იქნება. თამაში 23 იანვარს ჩატარდება.

📺 ვილანოვა V სეტონ ჰოლი

კომენტარები

ბოლო ამბები