Thumbnail
  • მაილს ტერნერს ხელის მცირე მოტეხილობა აქვს
  • გოგა ბითაძე უახლოეს თამაშებში დომანტას საბონისის შემცვლელი იქნება

NBA-ს კლუბმა ინდიანა პეისერსმა დაადასტურა, რომ გუნდის სასტარტო ცენტრფორვარდმა მაილს ტერნერმა მარჯვენა ხელის ძვალი მოიტეხა. კლუბი ამტკიცებს, რომ მოტეხილობა "უმნიშვნელოა" და უახლოეს დღეებში ტერნერს ექიმები კიდევ ერთხელ შეამოწმებენ, მაგრამ ფაქტია, მას გარკვეული დროის უქმად გატარება მოუწევს. "მცირე მოტეხილობაა და მისი სტატუსი ყოველდღიურად განახლდება. მაილს ტერნერს ოპერაცია არ ესაჭიროება", - წერს პეისერსის ოფიციალური საიტი.

ოთხშაბათს დალასთან და პარასკევს ორლანდოსთან მატჩებში მაილს ტერნერი ნამდვილად ვერ ითამაშებს. მან უკვე გამოტოვა კლიპერსთან წაგებული მატჩი, რის გამოც გოგა ბითაძის სასეზონო დებიუტი შედგა (5 ქულა 15 წუთში). 12 მატჩში ტერნერი საშუალოდ 12.4 ქულას, 6.8 მოხსნას და 1.1 პასს აკეთებდა. ის ლიგის ლიდერია დაფარებებით - 4.2 მატჩში. 

პეისერსის რიგებში ტრავმირებულები მომრავლდა: ჯერემი ლემბი, ტი ჯეი უორენი კარგა ხანს ვერ ითამაშებენ, გაურკვეველია, როდის შეძლებს თამაშს ოლადიპოს ნაცვლად გუნდში მისული კარის ლევერტი, რომელსაც სამედიცინო შემოწმებამ თირკმელზე პრობლემები აღმოუჩინა. თავად ქართველი ცენტრიც ახლახან გამოჯანმრთელდა ტრავმისგან, რომლის გამოც მან სტარტზე 12 შეხვედრა გამოტოვა. 

სანამ ტერნერი დაბრუნდება, სასტარტო ცენტრის პოზიციას დომანტას საბონისი დაიკავებს, ხოლო გოგა ბითაძე მისი შემცვლელი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები