Thumbnail
  • თორნიკე ოქრიაშვილი ანორთოსისს ჯერჯერობით ვერ ეხმარება
  • თემურ ქეცბაიას ტოპტრანსფერი ჩაეშალა

კვიპროსული Protathlima.com-ის ინფორმაციით, ანორთოსისს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ კარგა ხანს ვერ დაუბრუნდება, რის გამოც თემურ ქეცბაიას მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს...

შეგახსენებთ, რომ 28 წლის თორნიკე ოქრიაშვილს 12 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა მის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) და ევროპის ჩემპიონატის საგზურის გარეშე დარჩა. ოქრიაშვილმა იმ მატჩში 78 წუთი ითამაშა, კვიპროსში კი ტრავმირებული ჩავიდა. მას მუხლში ძვლის შეშუპება აქვს. 

თორნიკემ ზედიზედ 10 ტური გამოტოვა და კვიპროსული მედია ქეცბაიას გუნდის წარუმატებელ თამაშს (4 მარცხი და 1 ფრე ამ ათ ტურში) დიდწილად ოქრიაშვილის არყოფნას აბრალებს.

ანორთოსისის თავკაცი დილემის წინაშეა

სამწუხაროდ, თორნიკე ჯერ ინდივიდუალურადაც ვერ ემზადება და სპეციალურ, მოძლიერების პროგრამას გადის. ერთ კვირაში მას ექიმი შეამოწმებს. იმისთვის, რომ მან ინდივიდუალურად ვარჯიში განაახლოს ექიმის ნებართვაა საჭირო. ამის შემდეგ მას დაახლოებით 3-4 კვირა რჩება, სანამ თამაშისთვის მზად იქნება. გამოდის, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ოქრიაშვილი მხოლოდ მარტში დაბრუნდება. 

ახლა ეს პრობლემა თემურ ქეცბაიამ უნდა მოაგვაროს. ოქრიაშვილს ანორთოსისთან კონტრაქტი მხოლოდ მაისის ბოლომდე აქვს. თუკი ქეცბაია გადაწყვეტს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ადგილზე სხვის მოყვანას, მაშინ, ვინმე აუცილებლად უნდა წავიდეს და შესაძლოა, ეს სიტუაცია თავად ოქრიაშვილს შეეხოს. თუ გადაწყვეტს, დაელოდოს ქართველი ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას, შესაძლოა, ეს ანორთოსისის შედეგებზე ცუდად აისახოს. კვიპროსული გამოცემა წერს, რომ ქეცბაიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. 

სხვათა შორის, ახლახან ქეცბაიას საბერძნეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ლაზაროს ხრისოდოლოპულოსის ტრანსფერი ჩაეშალა. 34 წლის გარემარბს სერია A-ს გამოცდილება აქვს, მაგრამ ატრომიტოსმა ბოლო მომენტში მისი გაშვება დაბლოკა. 

თორნიკე ოქრიაშვილს 2020/21 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 8 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტი აქვს, მან ერთი მატჩი ითამაშა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე (ბაზელთან გააძევეს). 

კომენტარები

ბოლო ამბები