Thumbnail
  • EL DIA: ტენერიფეს კაკაბაძის გაშვება სურს
  • ლა ლიგა 2-ში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს პრობლემები აქვთ

ესპანური გაზეთი EL DIA წერს, რომ მას მერე, რაც ლა ლიგა 2-ის ტენერიფემ სერხიო გონსალესი დაიმატა, კლუბი იძულებულია ზოგიერთი ფეხბურთელი გაუშვას, რადგან ტენერიფეს ფინანსური მდგომარეობა არცისე კარგია და უახლოეს ორ კვირაში კიდევ არის საჭირო ტრანსფერების განხორციელება. კანარის კუნძულებზე გამომავალი მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ გუნდიდან წასვლის 4 უპირველესი კანდიდატიდან ერთი ოთარ კაკაბაძეა. 

"ამ ფეხბურთელებს ლუის მიგელ რამისი ნაკლებად ენდობა, მათ კი სათამაშო წუთები სჭირდებათ. ოთხივე მათგანი ისეთი დონის ფეხბურთელია, რომ ნორმალურ ვითარებაში ახალი გუნდის მოძებნა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა, როცა ლა ლიგა 2-ში თითქმის ყველა კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს, რეალობა შეიცვალა", - წერს EL DIA.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მარჯვენა მცველი სექტემბერში ლუცერნიდან ტენერიფეში გადავიდა. ამ სეზონში მან ლა ლიგა 2-ში 6 და კოპა დელ რეიზე 3 მატჩი ითამაშა (1 თამაში ლუცერნის რიგებში შვეიცარიის სუპერ ლიგაშიც მოასწრო). ასე რომ, 2020/21 წლების სეზონში მან მოედანზე მხოლოდ 564 წუთი გაატარა. 

გიორგი აბურჯანიას მწვრთნელი ნაკლებად ენდობა

როგორც ჩანს, ეს ესპანეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საერთო პრობლემაა. არადა, თითქმის ყველა მათგანი ეროვნული ნაკრების წევრია. უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია, რომ ოვიედოს დატოვება მოუწევს 26 წლის გიორგი აბურჯანიას, როგორც კი მისთვის შესაბამისი კლუბი მოიძებნება. ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, ჯერ ასეთი მსურველი არ გამონახულა. აბურჯანიაც სექტემბერში გადავიდა ლა ლიგა 2-ში - მას მერე, რაც ტვენტემ მისი იჯარის დასრულებაზე უარი თქვა, სევილიამ გიორგი ოვიედოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუთმო. 2020/21 წლების სეზონში აბურჯანიას ლა ლიგა 2-ში 2 და კოპა დელ რეიზე 2 მატჩი აქვს ნათამაშები, სულ 222 წუთი, რაც კიდევ უფრო უარესი შედეგია, ვიდრე კაკაბაძის. 

გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთი უკვე დატოვა

ესპანეთი და ლა ლიგა 2 უკვე დატოვა გიორგი პაპუნაშვილმა, 25 წლის ნახევარმცველი სარაგოსამ აპოლონში (კვიპროსი) გაუშვა. მას ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 3 მატჩი (ჯამში 55 წუთი) ჰქონდა ნათამაშები. 

ლა ლიგა 2-ში მოთამაშე ქართველებში გამონაკლისი გიორგი მაკარიძეა, რომელსაც ალმერიაში საქმეები შესანიშნავად მისდის. ისიც სექტემბერში გადავიდა ამ ჩემპიონატში პორტიგალიური სეტუბალიდან.

გიორგი მაკარიძე იშვიათი გამონაკლისია, მას სათამაშო პრაქტიკა არ აკლია

ნაკრების გოლკიპერმა შეძლო ალმერიაში დამკვიდრება. გუნდი ლა ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატია, 30 წლის მაკარიძემ კი ლა ლიგა 2-ში 13 მატჩი ითამაშა, 1 კი კოპა დელ რეიზე (რომელშიც ლა ლიგის ალავესი 5:0 გაანადგურეს). მაკარიძემ ამ სეზონში ჯამში 1 200 წუთი ითამაშა, რაც ნორმალური მაჩვენებელია. 

გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს ძირითად გუნდს ნელ-ნელა ეჩვევა

21 წლის გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს სარეზერვო გუნდის წევრია, თუმცა ამ სეზონში ხშირად ხვდება ლა ლიგის განაცხადში. მე-19 ტურში ვალენსიელები კადისს ხვდებიან და ქოჩორაშვილი განაცხადში იქნება. მან ლა ლიგაში 1, კოპა დელ რეიზე კი 2 მატჩი (1 გოლი) ითამაშა - ჯამში მხოლოდ 114 წუთი, რაც ძალიან ცოტაა. სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ქოჩორაშვილმა ამ სეზონში 9 მატჩი გამართა. ასე რომ, მას სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.  

ლა ლიგის ალავესის სარეზერვო გუნდში თამაშობს 19 წლის გიორგი გაგუა. მან ამ სეზონში დუბლებში 9 მატჩი ითამაშა - 1 გოლი და 1 საგოლე პასი. ესპანეთის რანგით მე-4, ტერსერა დივიზიონში კიდევ სამი ქართველი თამაშობს: ნიკა შარიქაძე (ნაქსარა), საბა ხაბელაშვილი-ახალკაცი (ვილეგასი) და ლადო მოხევიშვილი (როდა). 

კომენტარები

ბოლო ამბები