Thumbnail

PUBG-ის ორი ახალი თამაში, სავარაუდოდ, 2021 და 2022 წლებში გამოვა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Krafton ასევე აპირებს, PUBG-ს სამყაროზე დაფუძნებული საშინელებათა ჟანრის თამაშის გამოშვებას
  • კიმ ჩენ-ჰანი ამტკიცებს, რომ ახალი თამაში ინდოეთის ბაზარზეც გამოვა
  • შეგახსნებთ, რომ PUBG ინდოეთმა სხვა ჩინურ აპლიკაციებთან ერთად დაბლოკა

გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში, კომპანია Krafton-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კიმ ჩენ-ჰანმა განაცხადა, რომ 2021 და 2022 წლებში, პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერი PUBG-ს სამყაროზე დაფუძნებული ორი ახალი თამაში გამოვა. შეგახსენებთ, რომ Krafton რამდენიმე დეველოპერულ სტუდიას ფლობს, მათ შორის  PUBG Studio-სა და Striking Distance-ს, რომელიც ამჟამად თამაშ Callisto Protocol-ზე მუშაობს.

ჩენ-ჰანმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს, მისი სტუდია ''ერთთამაშიან სასწაულად'' დარჩეს და, სწორედ ამიტომ, აპირებს, PUBG კიდევ ორი ნაწილი შექმნას. გავრცელებული ინფორმაციით, თამაში, რომლის გამოსვლაც 2021 წელს იგეგმება, ონლაინ საბრძოლო არენის ტიპის თამაშია სმარტფონებისათვის, ხოლო 2022 წელს იგეგმება ''PUBG-თან დაკავშირებული ახალი თამაშის გამოშვება პერსონალური კომპიუტერისა და კონსოლებისთვის.'' 2022 წელს გამოვა Callisto Protocol-იც: საშინელებათა ჟანრის თამაში, რომელზეც Dead Space-ის ერთ-ერთი ავტორი, გლენ შოფილდი მუშაობს.

Callisto Protocol პირველად 2020 წლის The Game Awards-ზე ვიხილეთ. სტუდიამ მალევე დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ თამაშის სიუჟეტი PUBG-ს სამყაროში ვითარდებოდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აუცილებელი არ არის, PUBG-ის ახალი თამაში ისევ საბრძოლო არენის სტილის იყოს. სტუდია აშკარად ცდილობს, დაუმტკიცოს ფანებს, რომ მათ სხვადასხვა ჟანრის თამაშების შექმნა შეუძლია.

PUBG-ის ახალ თამაშებზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, კორეული გამოცემა MTN-ის მიხედვით, თამაშების სამუშაო სახელი PUBG Mobile 2.0 და PUBG 2.0-ია და პროექტს 2020 წელს XTRM-ის სახელით მოიხსენიებდნენ. ამავე გამოცემის მიხედვით, თამაშზე იგივე გუნდი მუშაობს, რომელმაც PUBG Lite გამოუშვა და მისი დეველოპმენტი კომპანიის სამხრეთკორეულ ოფისში, სეულში მიმდინარეობს საიდუმლოდ.

როგორც ჩანს, კომპანიამ ახალი თამაშის ინდოეთის ბაზარზე გაშვების ნებართვა უკვე მიიღო. შეგახსენებთ, რომ გასულ სექტემბერს, ინდოეთმა 100-ზე მეტი ჩინური აპლიკაცია დაბლოკა, მათ შორის, PUBG mobile-ც. ამ გადაწყვეტილებას, ინდოელი ახალგაზრდების უკმაყოფილება მოჰყვა. დაბლოკვის ოფიციალური მიზეზი ის გახდა, რომ ჩინური აპლიკაციები ინდოეთის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პირობებს არ აკმაყოფილებდა.

PUBG საკმაოდ პოპულარული თამაშია და, მისი მომხმარებლებს შორის, პროცენტულად, ყველაზე დიდი წილი სწორედ ინდოელი გეიმერები არიან. გასულ სექტემბერს, აპლიკაციის დაბლოკვის შემდეგ, PUBG Corporation-მა განაცხადა, რომ ინდოეთზე PUBG mobile-ს შემოსავლის მხოლოდ 2,5 პროცენტი მოდიოდა და თამაშის დაბლოკვა კომპანიას დიდად არ დააზარალებდა. თუმცა, ნოემბერში, Krafton-მა განაცხადა, რომ PUBG-ის ახალ ვერსიას, სპეციალურად ინდოელი მომხმარებლებისთვის შექმნიდა, რათა მათი პერსონალური მონაცემები 100%-ით დაცული ყოფილიყო. 

ვნახოთ, რა ბედი ეწევა PUBG-ის ახალ თამაშებს და მოექცევა თუ არა ისინი ცენზურის ქვეშ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები